რჩევები

როგორ ვიმოგზაუროთ ბიუჯეტურად სხვებთან გაზიარების ხერხებით

მას შემდეგ რაც სამოგზაურო აპლიკაციები და საიტები განვითარდა, ბიუჯეტური მოგზაურებისთვის მოგზაურობა ბევრად ხელმისაწვდომი და იოლი გახდა. ახლა ბევრად მარტივია დავუკავშირდეთ ადგილობრივებს თუ ტურისტებს და მათთან “ვითანამშრომლოთ”. იაფი მოგზაურობა დღეს უკვე რეალურია და ჩვენ ამისათვის შესაბამის პლატფორმებს გირჩევთ.

სტუმართმოყვარეობის ქსელები

Couchsurfing-მა მოგზაურებს დიდი შვება მოუტანა. ეს პლატფორმა 2004 წელს დაარსდა და პირველი საზიარო ქსელი იყო, რომელმაც ადამიანების მოგზაურობის სტილი შეცვალა. Couchsurfing მოგზაურებს და ადგილობრივებს ერთმანეთთან აკავშირებს და საშუალებას იძლევა მათთან უფასოდ დარჩნენ. ეს ერთგვარი კულტურული ღირებულებების გაცვლაცაა, რაც მოგზაურობას გაცილებით საინტერესოს ხდის.

დღეს ამ ონლაინ პლატფორმას მილიონობით მომხმარებელი ჰყავს და ადვილად იპოვნით მასპინძელს თითქმის ყველა ქვეყანაში. თუ მათთან დარჩენა არ გსურთ, მაგრამ გაცნობა გინდათ, შეგიძლიათ აპლიკაცია უბრალოდ შეხვედრების დასაგეგმად გამოიყენოთ. შეხვდით მათ ყავაზე, ტრადიციულ საკვებზე, მუზეუმში ერთობლივი ვიზიტისთვის თუ სხვა აქტივობების განსახორციელებლად.

Couchsurfing-ის გარდა, სხვა სტუმარ-მასპინძლობის ქსელებსაც გირჩევთ: Be Welcome, Horizon, Warm Showers (ველოსიპედის მოყვარულთათვის), Purple Roofs (LGBTQ მოგზაურებისთვის).

სახლი შინაური ცხოველის მეთვალყურეობით

რაც უფრო მეტი ადამიანი მოგზაურობს, მით უფრო იზრდება მოთხოვნა მათზე, ვინც სახლში შინაურ ცხოველთან დარჩება, რადგანაც ხშირ შემთხვევაში ცხოველები სამოგზაუროდ ვერ მიჰყავთ. ერთ-ერთი საიტი, რომელიც ადამიანებს ამ მიზნით აკავშირებს – Trusted Housesitters-ია.

Airbnb-ის მსგავსად, აქ ნახავთ პროფილებს და შეფასებებს მეტი დაცულობისათვის. თუ გაქვთ სურვილი დროებით სხვის შინაურ ცხოველს ყურადღება მიაქციოთ, მაშინ თქვენ ამ ცხოველის პატრონების სახლში უფასოდ ცხოვრებას შეძლებთ.

სახლზე და ცხოველზე ზრუნვის სხვა ქსელები: Rover, HouseCarers, Mind My House, Housesit Match.

ბინის ქირაობა

სასტუმროები ძვირადღირებული სიამოვნებაა, ამიტომაც იაფი მოგზაურობისთვის ბინის დაქირავებას გირჩევთ. მითუმეტეს, მაშინ, თუ არც ჰოსტელებში გსურთ დარჩენა. ბინის გაზიარების და ქირაობის საიტებზე შეგიძლიათ იქირაოთ ოთახი ან მთელი ბინა, სასტუმროს ნომერზე გაცილებით დაბალ ფასში.

Airbnb ამისათვის ყველაზე დიდი პლატფორმაა. თუ სახლს ადგილობრივი მეპატრონის თანაცხოვრებით იქირავებთ, ქალაქშიც უფრო ადვილად გაერკვევით. ამასთან, სამზარეულოც გექნებათ სადილების მოსამზადებლად.

Airbnb-ის მსგავსი სერვისები: Wimdu, Vrbo, Campspace, FlipKey.

მიირთვით ადგილობრივებთან ერთად 

ბინების გაზიარების მსგავსად, არსებობს სადილის გასაზიარებელი საიტები, რომლებიც ადგილობრივ მზარეულებთან დაგაკავშირებთ. EatWith ქალაქის მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს სუფრის გაწყობის შესახებ დაპოსტონ და მოგზაურებს გაუმასპინძლდნენ. მასპინძლები ამ სიამოვნებაში სიმბოლურ თანხებს ითხოვენ – თითოეულ მათგანს თავისი ფასი აქვს. ეს მშვენიერი შესაძლებლობაა დააგემოვნოთ ტრადიციული კერძები, შეიძინოთ ახალი მეგობრები და უკეთ გაეცნოთ კონკრეტული ქვეყნის მაცხოვრებლებს.

მსგავსი სერვისები: Traveling Spoon, With Locals (საჭმლის ტურები)

ტაქსი იაფად

ტაქსის სერვისი ბევრ ქვეყანაში საკმაოდ ძვირია. ბიუჯეტური მოგზაურობისთვის, მათ თავი უნდა აარიდოთ. თუმცა მანქანის მომსახურეობა მინიმუმ ერთხელ მაინც შეიძლება დაგჭირდეთ. ამ დროს ტაქსის გამოძახების ან გაჩერების ნაცვლად, მიმართეთ მანქანის საზიარო აპლიკაციებს და ფული ეფექტურად დაზოგეთ.

Lyft მთელ მსოფლიოში მუშაობს და ხელმისაწვდომ სერვისს გვთავაზობს. აპლიკაციაში აირჩიეთ ფუნქცია: მანქანის სხვა მომხმარებლებთან ერთად გაზიარება.

მსგავსი სერვისის მქონე აპლიკაციები: UBER, DiDi, Gojek (აზია), Gett (ბრიტანეთი, ისრაელი)

მანქანის ქირაობა

გჭირდებათ მანქანა რამდენიმე საათით ან დღით? იქირავეთ სხვისი მანქანა! Turo საშუალებას გაძლევთ იქირაოთ ავტომობილი ადგილობრივისგან. ფასები კერძო კომპანიების ფასებზე ბევრად იაფია.

მსგავსი აპლიკაციები: Getaround, RV Share, Trailer Made.

დამგზავრება

ქალაქგარეთ გადიხართ ან ცოტა დიდ დისტანციაზე გსურთ წასვლა? იაფად გამოხვალთ თუ ვინმეს დაემგზავრებით. მატარებლის და ავტობუსის ბილეთების ნაცვლად, გადმოწერეთ საზიარო მგზავრობის აპლიკაციები და მინიმალური გადასახადით დაემგზავრეთ ვინმეს. ევროპაში ეს საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. ხანდახან შესაძლოა ეს სიამოვნება ავტობუსის ფასი ღირდეს, თუმცა ბევრად სწრაფად და კომფორტულად მიხვალთ დანიშნულების ადგილზე.

ყველაზე ცნობილია – BlaBlaCar. ეს არის იაფი მგზავრობა დასამახსოვრებელი გამოცდილებით.

სხვა მსგავსი კომპანიები: GoCarma, Liftshare (ბრიტანეთი), Gumtree (ბრიტანეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია), Kangaride (კანადა), CarpoolWorld, Share Your Ride, Craigslist.