რჩევები

4 საუკეთესო აპლიკაცია თუ ერთზე მეტი ქალაქის მონახულებას გეგმავთ

გადაწყვიტეთ, რომ იმოგზაუროთ ბევრი გაჩერებით და უკან უამრავი შთაბეჭდილებით დაბრუნდეთ? მშვენიერი არჩევანია თუ ყველაფერს წინასწარ დაგეგმავთ. ჩვენ გირჩევთ აპლიკაციებს, რომლებიც ამ ყველაფერში დაგეხმარებიან.

TripIt – გზების და ჯავშნების დამგეგმავი სხვადასხვა მიმართულებების დროს

ყველაზე დიდი გამოწვევა ალბათ დეტალების თავმოყრაა მაშინ, როცა მოგზაურობისას ბევრი გაჩერება გიწევთ. დამაბნეველია როცა თან სხვადასხვა ღირსშესანიშნაობების თუ ტრანსპორტის ბილეთების სქრინები გაქვთ, რასაც ახალი გადაღებული ფოტოები ემატება და ტელეფონში ყველაფერი გერევათ.

გადმოწერეთ Triplt და შეინახეთ მოგზაურობასთან დაკავშირებული ინფორმაცია ერთ ადგილას! დიახ, ჯავშნების დამადასტურებელ მეილებს და იმ ადგილების ინფორმაციებს, სადაც მიდიხართ, შეგიძლიათ ერთ აპლიკაციაში მოუყაროთ თავი.

ეს აპლიკაცია შეხსენებებსაც გამოგიგზავნით, ასე რომ მშვიდად იმოგზაურებთ ყოველგვარი სტრესის გარეშე და არაფერი დაგავიწყდებათ. თუ ახლომდებარე რესტორანს ეძებთ, Triplt ამ მხრივაც დაგეხმარებათ და რეკომენდაციებს გაგიწევთ.

Levantr – საუკეთესო სოციალური ორგანიზატორი ჯგუფური მოგზაურობისთვის

თუ რომანტიკულ მოგზაურობას ან ჯგუფურ არდადეგებს გეგმავთ, ეს აპლიკაცია საშუალებას მოგცემთ დაგეგმვაში ყველა მონაწილე ჩაერთოს. შეგიძლიათ მოიწვიოთ მეგობრები და გაუზიაროთ მათ სხვადასხვა იდეები ერთ ციფრულ სივრცეში.

სოციალურ ქსელებში სხვა მიმოწერების გამო შესაძლოა ინფორმაციები ჩაიკარგოს, ამიტომაც გამოიყენეთ ეს აპლიკაცია მხოლოდ სამოგზაურო გეგმების და საკითხების თავმოსაყრელად.

ამ აპლიკაციის კიდევ ერთი სასარგებლო ფუნქცია ბიუჯეტის კონტროლია. შეგიძლიათ დაითვალოთ ხარჯები და დაგეგმოთ მოგზაურობა სასურველი ბიუჯეტით.

 

Hotel Tonight – ისარგებლეთ მდიდრული შეთავაზებით ბოლო წუთას

ეს აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ რომ მიიღოთ საუკეთესო შეთავაზებები სასტუმროებისგან ნაადრევი დაჯავშნის გარეშე. შედით აპლიკაციაში და მონიშნეთ თუ სად და როდის გსურთ დარჩენა. აპლიკაცია ამოგიყრით საუკეთესო სასტუმროების ფასდაკლებულ შეთავაზებებს.

ასე რომ, თუ თქვენ დაჯავშნილ სასტუმროზე რაიმე პრობლემა შეგექმნათ ან მოგზაურობის დროს დღის დამატება მოგინდათ, ამ აპლიკაციის საშუალებით დასარჩენს ბოლო წუთასაც ადვილად იშოვნით. შეთავაზებები ძირითადად სხვების მიერ ჯავშნების გაუქმების შედეგად იდება, ამიტომაც თქვენთვის სასურველ ფასად შესაძლოა ძვირადღირებულ სასტუმროსაც გამოკრათ ხელი.

Splitwise – მოაწესრიგეთ ხარჯები სტრესის გარეშე

ამ აპლიკაციის საშუალებით, საერთო მოგზაურობაში მეგობრებთან ხარჯების გაყოფაზე აღარ იდარდებთ. ეს არის აპლიკაცია, რომელიც ითვლის თქვენს ხარჯებს და ყველა მონაწილეზე თანაბრად ყოფს. გადმოწერეთ თითოეულმა მათგანმა Splitwise, იქამდე, სანამ სადმე გაემგზავრებით.

ამგვარად, ადვილად მოახდენთ ჯგუფის ფინანსური ხარჯების დამენეჯმენტებას და თავს არ დაიღლით ზედმეტი დათვლებით.