აეროპორტში უსაფრთხოების შემოწმების შემდეგ ყველაფერი უცებ ძვირდება: წყლის ბოთლი, ყავა, სენდვიჩი თუ დამტენი ხშირად ორჯერ-სამჯერ მეტი ღირს, ვიდრე ქალაქში. ამას თავისი მიზეზები აქვს, მაგრამ ცოტა დაგეგმვით დიდ ფულს დაზოგავთ.
რატომ არის აეროპორტში ასე ძვირი
- მაღალი იჯარა: აეროპორტები მაღაზიებსა და კაფეებს ძვირ იჯარას ახდევინებენ, ხშირად გაყიდვების პროცენტსაც.
- უსაფრთხოება და ლოჯისტიკა: ყველა პროდუქტი და თანამშრომელი უსაფრთხოების შემოწმებას გადის, მიწოდება კი რთული და ძვირია.
- ხანგრძლივი სამუშაო საათები: ბევრი ობიექტი დილის ადრიან და ღამის რეისებზეც მუშაობს.
- “დატყვევებული” მყიდველი: შემოწმების შემდეგ გარეთ ვერ გახვალთ, კონკურენცია კი მცირეა.
ზოგი აეროპორტი ცდილობს ფასების შეზღუდვას. მაგალითად, აშშ-ის პიტსბურგის აეროპორტმა ერთ-ერთმა პირველმა შემოიღო “ქუჩის ფასების” წესი, რომლის მიხედვითაც ფასი ქალაქის ფასებს არ უნდა აღემატებოდეს. დღეს ბევრი აეროპორტი იყენებს “ქუჩის ფასს პლუს” მოდელს, როცა დასაშვებია ქალაქის ფასზე 10-20%-ით მეტი.

რა არ უნდა იყიდოთ აეროპორტში
1. ბოთლის წყალი
წყალი აეროპორტში ხშირად რამდენჯერმე ძვირია. სითხით შემოწმებას ვერ გაივლით, მაგრამ ცარიელი ბოთლით შეგიძლიათ. შემოწმების შემდეგ ის უფასო წყლის ფონტანთან აავსეთ, რომელიც ბევრ აეროპორტშია.

2. საჭმელი
უბრალო სენდვიჩი და ყავა ევროპულ აეროპორტში ადვილად 10-15 ევრო ჯდება. აეროპორტამდე ჭამეთ, თან კი წასახემსებელი წაიღეთ: სენდვიჩი, ხილი, თხილი, ბატონჩიკები. მყარი საკვები ხელბარგში შეიძლება. რომელ საკვებს მოერიდოთ აეროპორტში: აქ.
3. სუვენირები
მაგნიტი, მაისური თუ ადგილობრივი ტკბილეული აეროპორტში ხშირად ბევრად ძვირია, ვიდრე ქალაქის მაღაზიებსა და ბაზრებზე. სუვენირები მოგზაურობისას იყიდეთ: ასე ადგილობრივ მეწარმეებსაც დაეხმარებით.

4. დამტენები, კაბელები და ყურსასმენები
აეროპორტის ელექტრონიკის მაღაზიები სწორედ იმ მგზავრებზე არიან გათვლილი, ვისაც დამტენი დარჩა სახლში. სათადარიგო კაბელი და ადაპტერი წინასწარ ჩადეთ ჩანთაში.

5. წიგნები და ჟურნალები
წიგნები და ჟურნალები აეროპორტში ხშირად სრულ ფასად ან უფრო ძვირადაც იყიდება. ელექტრონული წიგნი ან აუდიოწიგნი წინასწარ გადმოწერეთ.
6. ინტერნეტი თვითმფრინავში
ბორტზე Wi-Fi ხშირად ძვირია და ნელი. თუ სამუშაოდ არ გჭირდებათ, ფილმები, სერიალები და მუსიკა წინასწარ გადმოწერეთ. ზოგი ავიაკომპანია მესენჯერებისთვის უფასო ან იაფ პაკეტს გთავაზობთ, შეამოწმეთ.

7. ვალუტის გადაცვლა
აეროპორტის გადამცვლელებს ხშირად ყველაზე ცუდი კურსი აქვთ. ჯობს, ბარათით გადაიხადოთ, ბანკომატიდან ადგილობრივ ვალუტაში გამოიტანოთ ან ქალაქში გადაცვალოთ. ბარათით გადახდისას კი ყოველთვის აირჩიეთ ადგილობრივი ვალუტა, არა ლარი.
8. Duty free, რომელიც სინამდვილეში იაფი არ არის
Duty free ყოველთვის იაფს არ ნიშნავს: ბევრი პროდუქტი ქალაქში ან ონლაინ იაფია. ყიდვამდე ფასები შეადარეთ: რა ვიყიდოთ და რა არა duty free-ში.

როგორ დავზოგოთ ფული აეროპორტში
- ცარიელი ბოთლი და წასახემსებელი თან იქონიეთ;
- აეროპორტში მისვლამდე ჭამეთ;
- ელექტრონიკა, კაბელები და გასართობი წინასწარ მოამზადეთ;
- თუ გადაჯდომა გაქვთ, ნახეთ, აქვს თუ არა ავიაკომპანიას ვაუჩერები ან ლაუნჯი;
- თუ ხშირად დაფრინავთ, განიხილეთ საბანკო ბარათი, რომელიც ლაუნჯში შესვლას მოიცავს.

ხშირად დასმული კითხვები
შეიძლება თუ არა საკუთარი საჭმლის შეტანა აეროპორტში?
კი, მყარი საკვები ხელბარგში შეიძლება. სითხეები, სუპები, იოგურტი და სოუსები კი 100 მლ-ის წესს ექვემდებარება.
შეიძლება თუ არა ცარიელი ბოთლით უსაფრთხოების შემოწმების გავლა?
კი, ცარიელი ბოთლი ნებადართულია და შემოწმების შემდეგ შეგიძლიათ აავსოთ.