როგორ დავგეგმოთ მოგზაურობა მეგობრებთან ერთად
თქვენს სამეგობროზე მორგებული და დაორგანიზებული მოგზაურობები ტურისტებში უფრო პოპულარულია, ვიდრე კომპანიის ტურები. საბოლოო ბიუჯეტზე შეთანხმება, მიმართულებების დაკონკრეტება და საჭირო ნივთების გათვალისწინება – ეს ყველაფერი ისეთი ამაღელვებელი ჩანს, მაგრამ ხვდებით, რომ დროს და ენერგიას მოითხოვს. როდესაც რამდენიმე მეგობარი დიდიხანია ერთად მოგზაურობას გეგმავთ, ეს სასიხარულო მოვლენასთან ერთად, რაღაც მომენტში კომპლექსურიც ხდება. საჭიროა მიაღწიოთ შეთანხმებას და ყველას მოერგოთ.
მეგობრები ამ დროს უფრო მომთხოვნები აღმოჩნდებიან ხოლმე, წასვლის დრო ახლოვდება, მაგრამ თქვენ შორის ქაოსი ისადგურებს. თუ აღტაცება უკვე შფოთვაში გადაგდით, საშუალება მოგვეცით დაგეხმაროთ. ჩვენ ამ ბლოგში საერთო მოგზაურობის სწორი დაგეგმვის შესახებ გირჩევთ.
მზად ხართ დროებითი მოწყვეტისთვის? როდესაც მშობლიურ ქალაქში ბევრი საქმე გაქვთ, რთულია ყველაფერი შუა გზაში მიატოვოთ. გამგზავრების დაგეგმვამდე ჯერ საკუთარი საქმეები მოაგვარეთ და შემდეგ ამ პროცესსაც შეუდექით. პირველ რიგში, ეს პროცესი რამდენიმე ფაზად დაყავით. მაგალითად: I გამგზავრებამდე და II მოგზაურობის დროს.
I გამგზავრებამდე
- გაითვალისწინეთ თითოეული მეგობრის ხასიათი. ადამიანებს სხვადასხვა ინტერესები და მიზნები აქვთ, მითუმეტეს მოგზაურობის დროს. ჰკითხეთ მათ რამდენიმე საკითხის შესახებ: მოკლე მოგზაურობები უყვართ თუ გრძელი, სათავგადასავლო სიტუაციები თუ სიმშვიდე, ქალაქის ღირსშესანიშნაობები თუ ქალაქს მიღმა ლაშქრობა; ერთ წასვლაზე 1 ქალაქი თუ რამდენიმე და აშ. გამოიყენეთ გამოკითხვის შესაქმნელი საიტები: Google forms, Survey Monkey, TypeForm. ასე დაადგენთ თუ როგორია თითოეული მათგანისთვის იდეალური მოგზაურობა. შეიტანეთ გამოკითხვაში თუ ვის რომელი პერიოდი აწყობს და რამდენი დღით სურს მოგზაურობის დაგეგმვა. ასევე, ბინას ანიჭებენ უპირატესობას, სასტუმროს თუ ჰოსტელს. პასუხის ჩაწერის გრაფის საშუალებით იკითხეთ რისი წინააღმდეგნი არიან და რას არც კი განიხილავენ.
- დაადგინეთ ბიუჯეტი. ფინანსური წარმოდგენები ყველასთვის სხვადასხვანაირია. ზოგი ბიუჯეტურ მოგზაურობას ამჯობინებს, ზოგს სურს ბევრი დახარჯოს. ისაუბრეთ ფინანსების განაწილებაზე რათა საერთო შეთანხმებამდე მიხვიდეთ. მთავარი ხარჯებია: ფრენა, განთავსება და საკვები. შეგიძლიათ ბიუჯეტური აპლიკაციებიც გამოიყენოთ ხარჯების გასანაწილებლად (Splitwise, PaySplit).
- გააკეთეთ სია. დეტალების ჩამოწერა მეტად ფოკუსირებულს გაგხდით. დაიწყეთ ნაბიჯების აღნიშვნით: ავიაბილეთების დაჯავშნა, საცხოვრებლის რეზერვაცია, საკვების დაგეგმვა და აშ. შემდეგ, გაანაწილეთ ეს საქმეები ჯგუფის წევრებს შორის. ყველას სხვადასხვა უნარები აქვს: ზოგი კარგია მოლაპარაკებაში, ზოგი ინფორმაციის მოძიებაში და აშ. დროდადრო გაუზიარეთ ერთმანეთს მიღწევები.
- მოძებნეთ ფრენები და საცხოვრებელი. იპოვნეთ სასურველი ავიაბილეთები ჩვენს საიტზე: mprinavi.ge, ფრენის არჩევის დროს ის ავტომატურად გაჩვენებთ სასტუმროებსაც.
- დაგეგმეთ აქტივობები. გააჩნია წლის რომელ პერიოდში მიემგზავრებით, გადახედეთ ამინდს და შეარჩიეთ კონკრეტული აქტივობები კონკრეტული პერიოდისთვის. არის დღეები, როდესაც სხვადასხვა ქალაქში საჯარო ფესტივალები და ღონისძიებები იმართება, ჩაინიშნეთ მსგავსი მოვლენები. შეგიძლიათ გაყოთ ჯგუფი თუ მათი ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა და ერთ დღეს პარალელურად სხვადასხვა ლოკაციები მოინახულოთ. გადახედეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასებსა და პირობებს, მუზეუმების/გალერეების ბილეთებს და აშ.
- დაგეგმეთ ბარგი. გააჩნია სად მიდიხართ: რა სეზონზე და რა ტემპერატურის პერიოდში. ამას გარდა, უკვე დაგეგმილი გექნებათ მოგზაურობის ხასიათი და აქტივობები. ლაშქრობისთვის სპორტული სამოსი დაგჭირდებათ, სხვა სიტუაციებისთვის სხვა აღჭურვილობა. ეცადეთ, რომ ბარგი მინიმალისტური იყოს, არ დაიტვირთოთ ზედმეტად და ადგილიც დაიტოვოთ. ჯგუფური მოგზაურობისას შეგიძლიათ საერთო შამპუნი, საპონი და კბილის პასტა შეიძინოთ.
II მოგზაურობის დროს
1. გააზიარეთ საბოლოო ინფორმაცია საერთო ექსელის ფაილში. ყველა უნდა იყოს სამოგზაურო დეტალების საქმის კურსში.
2. შეადგინეთ ფინანსური ცხრილი. შეიყვანეთ თითოეული მეგობრის ხარჯები დასაწყისიდანვე. ასე ნათლად დაინახავთ ვინ სად რამდენი დახარჯა, რათა შემდეგ იოლად გასწორდეთ.
3. შექმენით ფოტოების საერთო ფაილი Apple drive-ზე ან Google drive-ზე. ამგვარად გექნებათ საერთო მოგონებების ალბომი თქვენი მოგზაურობიდან და ერთმანეთთან გაგზავნაშიც დროს არ დახარჯავთ.
4. მზად იყავით ცვლილებებისთვის. ნუ მოელით, რომ ყველაფერი ზუსტად გეგმის მიხედვით წავა. მოგზაურობის დროს ყოველთვის აქვს ადგილი დაუგეგმავ სიტუაციებს. იქონიეთ გეგმა “ბ” ამინდის ცვლილების, ტრანსპორტის პრობლემების ან ავადმყოფობის შემთხვევაში.