მფრინავი

ევროპის 10 „ტყუპი“ ქალაქი: ორი ქალაქი ერთ მოგზაურობაში

მიმართულებები · 5 წთ კითხვა · 16 დეკემბერი, 2023 · განახლდა 28 ოქტომბერი, 2026

ბრატისლავის ძველი ქალაქი და ვენის ჰოფბურგის სასახლის კარიბჭე, ორი ფოტოს კოლაჟი

ევროპაში ბევრი ქალაქი ერთმანეთისგან სულ რაღაც ერთი-ორი საათის სავალზეა მატარებლით. ამიტომ 4-6 დღიან მოგზაურობაში ერთის ნაცვლად ორი ქალაქის ნახვა შეიძლება, ხშირად თითქმის იმავე ფასად. ყველაზე მოსახერხებელია, ერთ ქალაქში ჩაფრინდეთ და მეორედან დაბრუნდეთ, რომ უკან გზაზე დრო არ დაკარგოთ.

მატარებლის დრო ყველაზე სწრაფი რეისების მიხედვითაა მითითებული და შეიძლება შეიცვალოს.

მოკლედ: ყველა წყვილი ერთ ცხრილში

წყვილიმატარებლითვისთვის
ამსტერდამი და როტერდამი~40 წთარქიტექტურა, მუზეუმები
ციურიხი და ბაზელი~55 წთხელოვნება, შოკოლადი, ტბა
ვენა და ბრატისლავა~1 სთსასახლეები, ყავა, ბიუჯეტი
სან სებასტიანი და ბიარიცი~1 სთ 15 წთ (გადაჯდომით)საჭმელი, ოკეანე
რომი და ფლორენცია~1 სთ 30 წთისტორია, რენესანსი
ბერლინი და ჰამბურგი~1 სთ 45 წთისტორია, ღამის ცხოვრება, პორტი
მადრიდი და ვალენსია~1 სთ 45 წთდიდი ქალაქი და ზღვა
ბრიუსელი და კელნი~1 სთ 50 წთლუდი, შოკოლადი, გოთიკა
პარიზი და ლიონი~2 სთკლასიკა და გასტრონომია
ლიუბლიანა და ზაგრები~2-2.5 სთპატარა, ფეხით მოსავლელი დედაქალაქები

1. ამსტერდამი და როტერდამი

ამსტერდამი და როტერდამი ჰოლანდიის ორი სრულიად განსხვავებული სახეა. ამსტერდამში ხელოვნების მოყვარულებს ვან გოგის მუზეუმი, რაიქსმუზეუმი და სტედელიკი ელოდებათ, ასევე ანა ფრანკის სახლი (ბილეთები წინასწარ დაჯავშნეთ) და არხების გასწვრივ სეირნობა. როტერდამი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თავიდან აშენდა, თანამედროვე არქიტექტურის ქალაქია: კუბური სახლები, ერასმუსის ხიდი და მარკტჰალის ბაზარი უნიკალური თაღოვანი შენობით.

როტერდამის ერასმუსის ხიდი ღამით და ამსტერდამის არხი განათებული ხიდით, ორი ფოტოს კოლაჟი

2. ციურიხი და ბაზელი

ციურიხში გაისეირნეთ ძველ ქალაქსა და ტბის სანაპიროზე, შოკოლადის მოყვარულები კი Lindt Home of Chocolate-ს მუზეუმს ეწვიონ. ბაზელი, სადაც შვეიცარია, საფრანგეთი და გერმანია ხვდება ერთმანეთს, ხელოვნების ქალაქია: ბაზელის კუნსტმუზეუმი, რენცო პიანოს მიერ დაპროექტებული ბეიელერის ფონდი და მიუნსტერის ტაძარი რაინის ხედით. ზაფხულში ადგილობრივები რაინში ცურავენ. შვეიცარია ძვირია, ამიტომ დაგეგმვა წაიკითხეთ აქ: როგორ დავგეგმოთ ერთი კვირა შვეიცარიაში.

ყვითელი მატარებელი შვეიცარიულ ხეობაში, ფონზე კლდეები და ჩანჩქერი

3. ვენა და ბრატისლავა

ავსტრიისა და სლოვაკეთის დედაქალაქები მსოფლიოში ყველაზე ახლოს მდებარე დედაქალაქებს შორისაა, ორივე დუნაიზე. ვენაში ჰოფბურგისა და შონბრუნის სასახლეები, ოპერა და ძველი ყავახანები გელოდებათ. ბრატისლავა პატარა და გაცილებით იაფია: ციხესიმაგრე ქალაქის თავზე, ძველი ქალაქის ქუჩები და ადგილობრივი ლუდი. ბრატისლავაში ხშირად უფრო იაფი ბილეთები იყიდება, ამიტომ ვენაში მოგზაურობისას მისი აეროპორტიც შეამოწმეთ.

ბრატისლავის თეთრი ციხესიმაგრე ბორცვზე და ძველი ქალაქის სახურავები

4. სან სებასტიანი და ბიარიცი

ესპანური და ფრანგული ბასკეთის ეს ორი ქალაქი ოკეანის სანაპიროზეა. სან სებასტიანი ევროპის ერთ-ერთი გასტრონომიული დედაქალაქია: აქ აუცილებლად გასინჯეთ პინჩოსი, ბასკური ტაპასი, ძველი ქალაქის ბარებში. ბიარიცი ელეგანტური ფრანგული კურორტია სერფინგით, პლაჟებით და ღვთისმშობლის კლდით (Rocher de la Vierge), რომელზეც ხიდით გადახვალთ. ქალაქებს შორის ავტობუსი უფრო სწრაფია, მატარებლით კი ესპანეთ-საფრანგეთის საზღვარზე, ანდაიში გადაჯდომა მოგიწევთ.

ბიარიცის ღვთისმშობლის კლდე და მასთან მიმავალი ხიდი ოკეანის ტალღებში

5. რომი და ფლორენცია

რომში კოლიზეუმი, რომაული ფორუმი, პანთეონი და ვატიკანი გელოდებათ, ფლორენციაში კი რენესანსი: დუომოს გუმბათი ქალაქის ხედით, უფიცის გალერეა და ბობოლის ბაღები. ჩქაროსნული მატარებელი ქალაქებს დაახლოებით საათნახევარში აკავშირებს. მეტი იტალიაზე და რა უნდა დააგემოვნოთ ფლორენციაში.

რომის კოლიზეუმი და ფლორენციის დუომოს გუმბათი, ორი ფოტოს კოლაჟი

6. ბერლინი და ჰამბურგი

ბერლინი გერმანიის ისტორიის ქალაქია: ბრანდენბურგის კარიბჭე, რაიხსტაგი მინის გუმბათით (ასვლა უფასოა, წინასწარი რეგისტრაციით), ბერლინის კედლის მემორიალი და მუზეუმების კუნძული. ჰამბურგი დიდი საპორტო ქალაქია ელბაზე: ძველი საწყობების უბანი შპაიხერშტადტი, ელბის ფილარმონია და არხები. ორივე ქალაქში საქართველოდან პირდაპირი რეისებიც დაფრინავს.

ბერლინის სატელევიზიო კოშკი და ჰამბურგის პორტი მზის ჩასვლისას, ორი ფოტოს კოლაჟი

7. მადრიდი და ვალენსია

მადრიდი ესპანეთის ენერგიული დედაქალაქია: მაიორის მოედანი, სამეფო სასახლე, რეტიროს პარკი, პრადოს მუზეუმი და რეინა სოფიაში პიკასოს “გერნიკა”. საჭმელად სან მიგელის ბაზარს ეწვიეთ. ჩქაროსნული მატარებლით ვალენსიაში გადადით, სადაც ზღვა, ხელოვნებისა და მეცნიერების ფუტურისტული ქალაქი და ნამდვილი პაელა გელოდებათ. ვალენსიის რეგიონის სანაპიროზე ლამაზი პატარა ქალაქებიცაა, მაგალითად პენისკოლა.

პენისკოლას ძველი ქალაქი, კოშკი და ფირუზისფერი ყურე, ესპანეთი

8. ბრიუსელი და კელნი

ბრიუსელში დიდი მოედანი (Grand-Place), მაგრიტის მუზეუმი, ბელგიური ვაფლი და ასობით სახეობის ლუდი გელოდებათ. მეტი ბელგიაზე. კელნში მთავარი სანახაობა გოთიკური კათედრალია, ევროპის ერთ-ერთი უდიდესი. აქვე ეწვიეთ შოკოლადის მუზეუმს, ფარინას სახლს, სადაც “ო დე კოლონი” (კელნის წყალი) შექმნეს, და დააგემოვნეთ ადგილობრივი ლუდი კელში პატარა ჭიქებში.

კელნის კათედრალი და ქალაქის პანორამა ცისკრისას

9. პარიზი და ლიონი

პარიზში ეიფელის კოშკი, ლუვრი, მონმარტრი და ნოტრ-დამი, რომელიც ხანძრის შემდეგ 2024 წელს ხელახლა გაიხსნა. მერე TGV-ით ლიონში, საფრანგეთის გასტრონომიულ დედაქალაქში: ძველი ლიონის ქუჩები, ტრაბულები (ფარული გასასვლელები), ტრადიციული “ბუშონ” რესტორნები და ფურვიერის ბორცვი ბაზილიკით, სადაც ფუნიკულიორით ახვალთ. მეტი პარიზზე: პარიზის 3 აეროპორტი.

ლიონის სენ-ჟორჟის ეკლესია და ძველი ქალაქი მდინარე სონაში ირეკლება

10. ლიუბლიანა და ზაგრები

სლოვენიისა და ხორვატიის დედაქალაქები პატარა და ფეხით მოსავლელია. ლიუბლიანაში ნახეთ ძველი ქალაქი, სამმაგი ხიდი, ციხესიმაგრე ბორცვზე და მდინარის სანაპიროს კაფეები. ზაგრებში გელოდებათ “გაწყვეტილი ურთიერთობების მუზეუმი”, წმინდა მარკოზის ეკლესია ფერადი სახურავით და დოლაცის ბაზარი. ქალაქებს შორის ავტობუსი ხშირად მატარებელზე სწრაფია.

ქალი ლიუბლიანის ძველ ქალაქში შადრევანთან ზის, ფონზე ტაძრის კოშკები

როგორ დავგეგმოთ ორი ქალაქის მოგზაურობა

  • ჩაფრინდით ერთში, დაბრუნდით მეორედან: ორი ცალმხრივი ბილეთი ხშირად ორმხრივის ფასია, დროს კი დაზოგავთ.
  • მატარებლის ბილეთი წინასწარ იყიდეთ: ჩქაროსნულ მატარებლებზე (იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი) ადრე ნაყიდი ბილეთი რამდენჯერმე იაფია.
  • ყოველ ქალაქს მინიმუმ 2 დღე მიეცით.

მარშრუტის დაგეგმვა: როგორ დავგეგმოთ იდეალური სამოგზაურო მარშრუტი. იაფი ბილეთები ევროპის ქალაქებში იხილეთ ევროპის მიმართულებების გვერდზე.

ხშირად დასმული კითხვები

რომელი ორი ქალაქია ყველაზე ახლოს ერთმანეთთან?

ამსტერდამი და როტერდამი (დაახლოებით 40 წუთი მატარებლით) და ვენა და ბრატისლავა (დაახლოებით 1 საათი).

ჯობს ორი ცალმხრივი ბილეთი თუ ორმხრივი?

ევროპაში, განსაკუთრებით ბიუჯეტურ ავიაკომპანიებთან, ორი ცალმხრივი ბილეთი ხშირად ორმხრივის ფასია და ერთ ქალაქში ჩაფრენისა და მეორედან დაბრუნების საშუალებას გაძლევთ.

რამდენი დღე დავგეგმო ორი ქალაქისთვის?

ოპტიმალურია 4-6 დღე: 2-3 დღე თითოეულ ქალაქში.

კიდევ წაიკითხე

ყველა სტატია →
თოვლიანი ევროპული ქალაქის ქუჩა საშობაო განათებით მიმართულებები · 4 წთ

10 საუკეთესო ზამთრის მიმართულება ევროპაში

საშობაო ბაზრობები გერმანიასა და ავსტრიაში, ბუდაპეშტის თერმული აბანოები, ჩრდილოეთის ციალი ლაპლანდიაში, თბილი ანდალუსია და სხვა: სად წავიდეთ ზამთარში ევროპაში.

მილანის ცენტრის ქუჩა საღამოს, ქვაფენილზე მოსეირნე ხალხი და კაფეების ტერასები მიმართულებები · 5 წთ

10 საუკეთესო ფეხით მოსავლელი ქალაქი ევროპაში

მიუნხენი, მილანი, ვარშავა, ჰელსინკი, პარიზი, მადრიდი, ოსლო, კოპენჰაგენი, ამსტერდამი და რომი: ევროპის 10 ქალაქი, რომლის დათვალიერება ფეხით ყველაზე მარტივი და უსაფრთხოა, და რა ნახოთ თითოეულში ფეხით.

მოთხილამურე თოვლიან ფერდობზე, ფონზე ალპური მთები და ტბა მიმართულებები · 4 წთ

ევროპის 8 ყველაზე იაფი სათხილამურო კურორტი

ბოროვეცი, ვოგელი, სოზე დ'ულქსი, იასნა, ბიალკა და სხვა: ევროპის 8 სათხილამურო კურორტი, სადაც ალპებზე იაფად ისრიალებთ. რა ღირს, ვისთვის ჯობს და როგორ ჩახვიდეთ.

გსურს იაფი ბილეთი?