თესალონიკი: რა უნდა იცოდე
თესალონიკი ჩრდილოეთ საბერძნეთში, თერმაიკოსის ყურის ნაპირზე მდებარეობს. ეს ცოცხალი, სტუდენტური ქალაქია, სადაც კაფეები და ტავერნები გვიან ღამემდე სავსეა. ცენტრის ხერხემალი გრძელი სანაპირო ბულვარია, რომელიც თეთრი კოშკის გვერდით გადის და საღამოს სასეირნოდ ქალაქის ყველაზე პოპულარული ადგილია. ძვ. წ. 315 წელს დაარსებული ქალაქი ბიზანტიის იმპერიაში კონსტანტინოპოლის შემდეგ მეორე მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. აქ ბევრი რომაული, ადრექრისტიანული და ბიზანტიური ძეგლია, რომელთა ნაწილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია. ცენტრი კომპაქტურია და ფეხით კარგად დაიარება.
ქალაქის ცენტრში ზღვაზე არ ბანაობენ, ამიტომ საცურაოდ ქალაქიდან გადიან. ყველაზე პოპულარული მიმართულება ხალკიდიკის ნახევარკუნძულია, სუფთა, გამჭვირვალე ზღვით, ქვიშიანი პლაჟებით და ფიჭვნარით. იქამდე მანქანით ან საქალაქთაშორისო ავტობუსით, კურორტის მიხედვით, დაახლოებით ერთ-ორ საათში მიხვალ. ბევრი მოგზაური თესალონიკს სწორედ ხალკიდიკზე დასასვენებლად ირჩევს: ერთი-ორი დღე ქალაქში, დანარჩენი კი ზღვაზე. თუ შორს წასვლა არ გინდა, რამდენიმე პლაჟი ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთითაც, ყურის მეორე ნაპირზეა. ზაფხულში ქუთაისის რეისი განსაკუთრებით მოთხოვნადია, ამიტომ ბილეთი ადრე მოძებნე.
ქართველებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ათონის მთა, ხალკიდიკის აღმოსავლეთ ნახევარკუნძულზე. აქ დგას ივერთა მონასტერი, რომელიც X საუკუნის ბოლოს ქართველმა ბერებმა დააარსეს. მონასტერში ინახება ივერიის ღვთისმშობლის ხატი, პორტაიტისა, რომელიც მართლმადიდებლურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხატია. ათონზე შესვლა მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ, სპეციალური ნებართვით, და იქ მხოლოდ ზღვით, ძირითადად ურანუპოლიდან, მიდიან. ქალებს და მათ, ვისაც ნებართვა არ აქვს, შეუძლიათ ნახევარკუნძულის სანაპირო გემით შემოიარონ და მონასტრები ზღვიდან დაათვალიერონ. ურანუპოლიმდე თესალონიკიდან რამდენიმე საათის სავალია.
რა ვნახოთ თესალონიკში
01თეთრი კოშკი და სანაპირო
ქალაქის სიმბოლო, XV საუკუნის კოშკი, შიგნით პატარა მუზეუმით და ზემოდან ხედით. მის გვერდით გადის სანაპირო ბულვარი, სადაც ზონგოლოპულოსის ცნობილი „ქოლგების“ ქანდაკება დგას.
02არისტოტელეს მოედანი და ბაზრები
ცენტრალური მოედანი, რომელიც პირდაპირ ზღვაზე გადის. ახლოს არის კაპანისა და მოდიანოს ბაზრები, სადაც ხილს, სანელებლებს, ზეითუნს და ახალ თევზს ყიდიან.
03როტონდა და გალერიუსის თაღი
რომაული პერიოდის ძეგლები ცენტრში. როტონდა IV საუკუნის მასიური ნაგებობაა, რომელიც სხვადასხვა დროს ეკლესიაც იყო და მეჩეთიც, თაღზე კი იმპერატორის გამარჯვებების რელიეფებია.
04წმინდა დიმიტრის ეკლესია
ქალაქის მფარველის, დიმიტრი თესალონიკელის, სახელობის დიდი ბაზილიკა. ქვედა სართულზე კრიპტაა, სადაც, გადმოცემით, წმინდანი აწამეს.
05ზედა ქალაქი (ანო პოლი)
ძველი უბანი გორაზე, ვიწრო ქუჩებით, ბიზანტიური გალავნით და ფერადი სახლებით. გალავნიდან მთელი ქალაქი და ყურე ჩანს, განსაკუთრებით ლამაზად მზის ჩასვლისას.
06ვერგინა
დაახლოებით საათნახევრის სავალზე მდებარე სოფელი, სადაც ალექსანდრე მაკედონელის მამის, ფილიპე II-ის, სამეფო სამარხებია. მიწისქვეშა მუზეუმი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.
რა გავსინჯოთ
თესალონიკი საბერძნეთში საჭმლის ქალაქად ითვლება. დილით ადგილობრივები ბუგაცას ჭამენ, თხელი ფენოვანი ცომის ღვეზელს კრემით ან ყველით, და ყიდულობენ კულურს, სეზამიან რგოლ პურს. სადილად ან ვახშმად წადი უზერიში, სადაც პატარა თეფშებზე, მეზეს სახით, მიირთმევენ შემწვარ თევზს, მიდიებს, გრილზე შემწვარ ბოსტნეულს და ადგილობრივ ყველს. ტკბილეულიდან ქალაქის სიმბოლოა ტრიგონა, კრემით სავსე სამკუთხა ფენოვანი ნამცხვარი.
აეროპორტიდან ქალაქში
თესალონიკის აეროპორტი „მაკედონია“ (SKG) · ~15 კმ
ცენტრამდე და ავტოსადგურამდე ქალაქის ავტობუსი დადის, გზას საცობების მიხედვით 40–60 წუთი სჭირდება. ტაქსით ცენტრში დაახლოებით 20–30 წუთში მიხვალ.
ვიზა და დოკუმენტები
ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში, მათ შორის საბერძნეთში, მოკლე ვიზიტებისთვის აქამდე უვიზოდ მოგზაურობდნენ, თუმცა წესები შეიძლება შეიცვალოს. მოგზაურობამდე გადაამოწმე მიმდინარე წესები.
ფოტო: Wikimedia Commons