6 ხერხი თუ როგორ ჩავალაგოთ მსუბუქად გრძელი მოგზაურობისთვის
ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი სამოგზაურო „სუპერძალა“. ზოგს ყველგან შეუძლია ძილი (შუა სავარძელშიც კი უცხო ადამიანების გვერდით), სხვებს კი თითქოს არასდროს სჭირთ თვითმფრინავით მგზავრობისგან გამოწვეული დაღლილობა (jet lag). მაგრამ ალბათ ყველაზე მეტად გვიკვირს ადამიანების, ვინც დიდხნიან მოგზაურობაში მხოლოდ ზურგჩანთით მიდის. ზოგი ამას იმიტომ აკეთებს, რომ არ უნდა იდგეს ბარგის მოლოდინის რიგში ან ეშინია, რომ ავიაკომპანია ჩანთას დაუკარგავს. ჩვენ მოგცემთ რჩევებს თუ როგორ იმოგზაუროთ პატარა ბარგით.
1. შეადგინეთ სია, შემდეგ კი შეამცირეთ იგი
სანამ ჩემოდანს გადმოიღებთ, შეადგინეთ იმ ნივთების სია, რის წაღებასაც გეგმავთ. ხშირ შემთხვევაში, სიაში იმაზე მეტი ნივთი ხვდება, ვიდრე რეალურად გვჭირდება. ამის შემდეგ, გადაიკითხეთ სია და დაიწყეთ ზედმეტი პუნქტების წაშლა:
-ის კაბა, რომელსაც მხოლოდ ერთხელ ჩავიცვამ? არ უღირს ადგილის დაკავებად.
-შუბლის ფანარი? თუ ჯუნგლების გაკაფვას ან ისეთ ადგილას წასვლას არ ვაპირებ, სადაც ელექტროენერგია წყდება, ჩემი ტელეფონის ფანარიც მშვენივრად გამოდგება.
გადახედეთ თქვენს მთლიან სიას და დარწმუნდით, რომ მასში არსებული თითოეული ნივთი მართლაც აუცილებელია და ორჯერ მაინც გამოიყენებთ. თუ ასე არ არის, თამამად წაშალეთ.
2. შეამცირეთ თავის მოვლის საშუალებები (ტუალეტის აქსესუარები)
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიმზიდველია სამგზავრო ზომის ბოთლების ყიდვა და მათში თქვენი საყვარელი პროდუქტების ჩასხმა, აჯობებს კარგად დაფიქრდეთ, თუ რეალურად რა დაგჭირდებათ მოგზაურობისას. სასტუმროების უმეტესობა სტუმრებს შამპუნს, საპონსა თუ ტანის გელს თავად სთავაზობს. ასე რომ, თუ თმისა თუ კანისთვის განსაკუთრებული, სპეციფიკური მოვლის საშუალებები არ გჭირდებათ, შეგიძლიათ ის გამოიყენოთ, რაც ადგილზე დაგხვდებათ (უკიდურეს შემთხვევაში, თუ ძალიან დაგჭირდათ, ახალ პროდუქტებს ჩასვლისთანავეც იაფად იყიდით და მხოლოდ საზღვარგარეთ გამოიყენებთ).
3. შეარჩიეთ მრავალფუნქციური ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელთა ერთმანეთთან შეხამებაც მარტივია
რაც უფრო ადვილად ეხამება თქვენი ტანსაცმელი ერთმანეთს, ბარგს მით უფრო მსუბუქად ჩაალაგებთ. ყოველი პერანგი, შარვალი თუ ქვედაბოლო, რომელსაც აიღებთ, ერთმანეთს უნდა უხდებოდეს. ეს შეიძლება ნიშნავდეს იმაზე მეტი შავი ან სხვა ნეიტრალური ფერის სამოსის წაღებას, თუმცა სამოსის მრავალფეროვანი კომბინაციები საშუალებას მოგცემთ, ყოველდღე ერთი და იგივე ფორმით სიარულის შეგრძნება არ გქონდეთ.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მრავალმხრივი ფეხსაცმლის შერჩევა, ძირითადად იმიტომ, რომ ფეხსაცმელი უამრავ ადგილს იკავებს. ეცადეთ მაქსიმუმ ორი წყვილით შემოიფარგლოთ: როგორც წესი, ეს არის კომფორტული კეტები/ბოტასები (რომელსაც გზაში ჩაიცმევთ) და სანდლები, რომლებიც უფრო კლასიკურ სამოსსაც უხდება.
4. გაამარტივეთ ტექნიკა და დამტენები
ადამიანების უმეტესობისთვის მოგზაურობისას მხოლოდ მობილური ტელეფონი და ყურსასმენებიც სრულიად საკმარისია – განსაკუთრებით მაშინ, თუ გზაში მუშაობას არ გეგმავთ. თუ ფიქრობთ, რომ ლეპტოპი მხოლოდ იმეილებზე პასუხისთვის გჭირდებათ, მითუმეტეს ნუ წაიღებთ მას.
5. დააბანდეთ ფული სივრცის დამზოგავ ნივთებში
ბარგის ორგანაიზერები საგრძნობლად აადვილებს ნივთების მოწესრიგებას და ტანსაცმელს მჭიდროდ შეფუთულს ინარჩუნებს (უკიდურეს შემთხვევაში, საყინულის დიდი პარკებიც გამოგადგებათ). ეცადეთ ტანსაცმელი ყოველთვის დაახვიოთ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ჯიუტად ამტკიცებს, დაკეცვაც ზუსტად იმავე ადგილს იკავებსო, ეს მეთოდი საუკეთესოა ტანსაცმლის დაკუჭვისგან დასაცავად. თუ ბიუსტჰალტერებს ატარებთ, ჩადეთ ისინი მყარ სარეცხ ბადე-ჩანთაში. ეს ჩანთები არა მხოლოდ რეცხვისას არის სასარგებლო, არამედ ხელს უშლის ბარგში ბიუსტჰალტერის რკინების დეფორმაციას. წინდების ჩალაგება ბოლოსთვის შემოინახეთ. დახვეული წინდები ჩატენეთ ჩალაგებულ ფეხსაცმელებში ან ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც კი მცირე თავისუფალ სივრცეს შეამჩნევთ.
6. მოემზადეთ ტანსაცმლის გასარეცხად
გზაში ტანსაცმლის გარეცხვა გასაოცრად მარტივია და ეს ხანგრძლივი მოგზაურობისას მსუბუქად მგზავრობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. სწრაფად შრობადი ქსოვილები ადვილად ირეცხება პირდაპირ სასტუმროს ნომერში; მართალია, შეგიძლიათ სპეციალური სამგზავრო საპონი გამოიყენოთ, თუმცა ტანის გელი ან შამპუნიც მშვენივრად შეასრულებს ამ საქმეს. წაიღეთ რამდენიმე მეტრი თოკი, რომ ნომერში ან აივანზე იმპროვიზირებული სარეცხის თოკი გააბათ. ან ისარგებლეთ სასტუმროს სამრეცხაოდ ან ახლომდებარე ქიმწმენდის სერვისის მეშვეობით.



