როგორ მოვხვდეთ ბარსელონას და მადრიდის აეროპორტებიდან ქალაქის ცენტრში
ბარსელონას და მადრიდის აეროპორტებში სატრანსპორტო ქსელი ბრწყინვალედაა მოწყობილი, ასე რომ ქალაქის ცენტრში მოხვედრა ადვილი და ხელმისაწვდომია.
ბარსელონა
Barcelona-El Prat Airport – ბარსელონა-ელ პრატის აეროპორტი ბარსელონას ცენტრიდან 15 კილომეტრში მდებარეობს და ტაქსით 20 წთ, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტით 35 წთ დაგჭირდებათ. აქ მეტროს სადგური, რკინიგზა, ავტობუსის გაჩერება და ტაქსის პარკინგია, ამიტომაც არჩევანი თქვენზეა.
ტაქსი
ეს სწრაფი და კომფორტული საშუალებაა, რომ ბარსელონაში ჩაფრენისას ზედმეტი ენერგიის დახარჯვის გარეშე პირდაპირ სასტუმროს კართან მოხვდეთ. მაგრამ, თუ ბარსელონას აეროპორტის ტაქსი წინასწარ არ დაგიჯავშნიათ, შესაძლოა რიგში მოგიწიოთ დგომა. ეს სეზონზე და ფრენების გადატვირთულობაზეა დამოკიდებული. ისინი ტერმინალის გასასვლელში იცდიან და შეგიძლიათ გადაიხადოთ ბარათით ან ქეშით. აქ ასევე მუშაობს ტაქსის აპლიკაციები: უბერი და კაბიფაი.
სავარაუდო ღირებულება: 35€/40€ (გააჩნია დღის პერიოდს)
აეროპორტის ტაქსები ათვლას 20€-დან იწყებენ და შემდეგ ფასი გავლილი კილომეტრების მიხედვით იზრდება.
ავტობუსი
ბარსელონას აეროპორტიდან ქალაქში რამდენიმე ავტობუსი დადის:
- Airbus A1 (ტერმინალი 1), ხოლო Airbus A2 (ტერმინალი 2). ფასი: €5.90
- TMB Line 46. ფასი: €2.40
- N16, N17 ან N18. ფასი: €2.15
მატარებლის სადგური
ბარსელონას აეროპორტის რკინიგზა (Aeroport Cercanías station) ტერმინალ 2-ში მდებარეობს. დაახლოებით 35 წთ დაგჭირდებათ, რომ მატარებლით აეროპორტიდან ქალაქის ცენტრის რკინიგზის სადგურებში მოხვდეთ: Estacio Sants-ში ან Passeig de Gràcia-ში. ბილეთის საფასურია: €4.
მეტრო
მეტრო ჩერდება ტერმინალ 1-ში და ტერმინალ 2-ში. ქალაქის ცენტრამდე 30 წუთის სავალი გზაა. აეროპორტიდან მეტროთი მგზავრობის ბილეთი €5.15 ღირს.
მადრიდი
Barajas Airport – ბარაჯას აეროპორტიდან მადრიდში მატარებლით, ავტობუსით, მეტროთი ან ტაქსით მოხვდებით. ავტობუსები ქალაქის სხვადასხვა უბანში მიდიან და დაახლოებით 40 წთ სჭირდებათ. მეტროთი მგზავრობა 20 წუთს გასტანს; მატარებლის 25 წუთს, ხოლო ტაქსის 25 წუთზე ნაკლებს. აეროპორტსა და ქალაქს შორის დაშორება დაახლოებით 15 კილომეტრია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ესპანეთის დედაქალაქში, ადრიანი დილიდან გვიანობამდე მუშაობს, თუმცა არა 24/7-ზე. მეტროს ბილეთები შეგიძლიათ სპეციალურ აპარატებში შეიძინოთ, ავტობუსის მძღოლს კი ქეშადაც მისცეთ.
მეტრო
ღირებულება: 5€.
გაყევით 8 ნომერ წითელ ხაზს და Nuevos Ministerios-ს სადგურში გადაჯდომისას, მე-6 და მე-10 ხაზები ისტორიულ ცენტრამდე მიგიყვანენ. მეტრო ღამის 2 საათამდე მუშაობს.
მატარებელი
ღირებულება: 2.6€
მადრიდის აეროპორტის მატარებლები ძალიან კომფორტულია. გაყევით ხაზს სახელწოდებით: C1 RENFE. თუმცა იცოდეთ, რომ ისინი ღამით არ მუშაობენ.
ავტობუსი
ღირებულება: 5€
ავტობუსებს ტერმინალი 1-ის პირველ სართულზე მიაგნებთ. აქედან ავტობუსები მადრიდის ყველა კუთხე-კუნჭულში ხვდებიან, ასე რომ შეარჩიეთ სასურველი მიმართულება. 203 ნომერი ღამითაც ყოველ 35 წუთში დადის და საკმაოდ კომფორტულ მგზავრობას გპირდებათ.
ტაქსი
ღირებულება: 37€
ტაქსის ფასი იცვლება დღის პერიოდის, ბარგის ოდენობის, დღესასწაულების დღეების, კონკრეტულ უბანში წასვლის და სხვა მიზეზების მიხედვით. თუ ბავშვებთან ერთად მგზავრობთ ან დიდი ბარგი გაქვთ, ტაქსი წინასწარ დაჯავშნეთ.