რჩევები

რა შეცდომებს უშვებენ პირველ საერთაშორისო მოგზაურობისას?

პირველი საერთაშორისო მოგზაურობა საოცრად ამაღელვებელია. ქვეყნიდან გასვლა განსაკუთრებულ შეგრძნებებს გვანიჭებს, თუმცა, ის ხანდახან ისე არ მიდის, როგორც ვგეგმავდით. ჩვენ გავრცელებულ სამოგზაურო შეცდომებს გაგიმხელთ, რომელსაც ადამიანები პირველი მოგზაურობისას უშვებენ და გირჩევთ როგორ აირიდოთ ისინი თავიდან.

1. ზედმეტის ჩალაგება

ადამიანები ხშირად ნანობენ იმას, რომ ბარგი ზედმეტად გადაავსეს, მოგზაურობაში ბევრი არასაჭირო ნივთი წაიღეს და ჩალაგებისას უფრო გონივრულად არ მოიქცნენ. როგორც წესი, მოგზაურობის დროს ადამიანებს ბევრი ტანსაცმელი არ ჭირდებათ, რადგანაც ვერც გამოცვლას ასწრებენ და ამის სურვილიც დიდად არ აქვთ. ერთი ჯინსი და მაისური შეგვიძლია ორჯერაც გვეცვას ან უბრალოდ მთელი დღით ვატაროთ. თუ 1 კვირით მიდიხართ, არ გჭირდებათ 7 ხელი ტანისამოსი. თუ ყველაფერზე არ იფიქრებთ, რომ “ეს შეიძლება დამჭირდეს”, უბრალოდ მოეშვებით და ძირითად, საჭირო ნივთებს ჩაალაგებთ, მოგზაურობით ბევრად ისიამოვნებთ. როგორ ჩავალაგოთ ბარგი ეფექტურად?

2. ზედმეტის დაგეგმვა

მოგზაურობის წინასწარ დაგეგმვა სასურველია, თუმცა მისი მთავარი ხიბლი ხანდახან დაუგეგმავობა და ახალი შთაბეჭდილებების შექმნაა. თუ პირველად მიდიხართ ევროპაში, ნუ გადაიტვირთავთ ყოველ დღეს ღირსშესანიშნაობებით. ასე ყველაფერი არც დაგამახსოვრდებათ და დაიღლებით. ზედმეტის დაგეგმვას მუდმივი გადარბენა და შფოთვა მოყვება. ნაკლები დაგეგმვით უფრო მშვიდ სიამოვნებას მიიღებთ და თავგადასავლებიც არ დააყოვნებს. როგორ დავგეგმოთ იდეალურად?

3. ქსელურ რესტორნებში მირთმევა

ქსელური, პოპულარული რესტორნები ყველგანაა, მათ შორის ჩვენს მშობლიურ ქალაქში ან დედაქალაქში. მარტივია ესტუმროთ მათ იმის მაგივრად, რომ ადგილობრივ საკვებ ობიექტს მიაკითხოთ და რაიმე ახალი დააგემოვნოთ. ნუ მიირთმევთ მუდამ იმას, რაც თქვენს სამშობლოშიც მარტივადაა ხელმისაწვდომი. სრულყოფილი სამოგზაურო გამოცდილებისთვის, რაიმე ადგილობრივიც უნდა დააგემოვნოთ. თუ ისეთ ადგილას ისადილებთ, სადაც ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან და არა უამრავი ტურისტი, ახალ მეგობრებსაც შეიძენთ და ახალ რეცეპტებსაც ისწავლით.

4. ადგილობრივი კულტურისა და ადათ-წესების უგულველყოფა

მსოფლიო მოსაწყენი ადგილი იქნებოდა, ყველას რომ ერთნაირი ტრადიციები გვქონდეს. მოგზაურობის დროს გაეცანით ადგილობრივ კულტურას და მისი შეთვისებით ნამდვილად დადებით შთაბეჭდილებებს მიიღებთ. მაგალითად, ეწვიეთ რომელიმე ადგილობრივი, ტრადიციული ნაწარმის, თუნდაც ტანისამოსის მაღაზიას. მოგზაურობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი კულტურათა გაცნობაა, საკუთარისგან განსხვავებულის.

5. სამოგზაურო დაზღვევაზე უარის თქმა

რატომღაც, დაბალი ღირებულების მკიუხედავად, ბევრი მოგზაური მოგზაურობამდე დაზღვევის შეძენით თავს არ იწუხებს. თუმცა, ის აუცილებელია და ბევრად გაგიმარტივებთ ნებისმიერ წამოჭრილ პრობლემას, ვიდრე მისი უქონლობა.