ეს ევროპული ქალაქი საუკეთესო საფეხმავლო ქალაქად დასახელდა მსოფლიოში
ეს ულამაზესი ევროპული ქალაქი მსოფლიოში საუკეთესო საფეხმავლო ქალაქად დასახელდა უფასო საფეხმავლო ტურების პლატფორმის, GuruWalk-ის მიერ. ყურადღება, ეს რომია, იტალიის დედაქალაქი! პლატფორმამ სია გასული წლის მიხედვით შეადგინა. აქ ბევრი ნანგრევი, შთამაგონებელი ხელოვნება და ცოცხალი ქუჩის ცხოვრებაა. რომს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ მიმართულებადაც მიიჩნევენ.
იტალიის დედაქალაქი ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულების მიზნით, ფეხით ადვილად მოსავლელია, რადგანაც ძეგლების უმეტესობა მანქანებისგან თავისუფალ ზონებში მდებარეობს. მოკლე საფეხმავლო დისტანციაზეა კოლიზეუმი, რომაული ფორუმი, პალატინო, პანთეონი და ტრევის შადრევანი.
აქ მოსანახულებელი მონუმენტების რაოდენობა ტურისტებს ხშირად აბნევს. მათ არ იციან საიდან დაიწყონ, ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ რომში იმაზე მეტი გიდის ტური იჯავშნება, ვიდრე სხვაგან. “იტალიის მარადიულ ქალაქში” ბევრი რესტორანი, მაღაზია და კაფეა, ისევე როგორც მუზეუმი და პარკი გამოსაკვლევი.
ფეხით მოსავლელია რომში მდებარე ვატიკანიც, თავისი ღირსშესანიშნაობებით. მოგზაურები ხშირად ამბობენ, რომ რომი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, რომანტიკული და ისტორიული ადგილია, მეგობრული ატმოსფეროთი. არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ხანს გაატარებთ აქ, ყოველთვის გაგაოცებთ რაიმე ახალი, რაც მანამდე აქ არ გინახავთ.