ევროპის საუკეთესო “ტყუპი” ქალაქები: რომელ ორ ქალაქში უნდა იმოგზაუროთ ერთის ფასად
3-4 დღის გატარება მსოფლიოს უცნობ კუთხეებში, მათი საჭმლის მირთმევა და ღირსშესანიშნაობების ხილვა მოგზაურობის მოყვარულთათვის ძალიან სასიამოვნო აქტივობაა. ევროპაში ბევრი ახლოს მდებარე ისეთი ქალაქია, რომელთა მონახულებაც ერთ წასვლაზე იოლი და ბიუჯეტურია. ჩვენ გირჩევთ ამ ხელსაყრელ ლოკაციებს და მათ შორის დაკავშირების გზებს:
ამსტერდამი და როტერდამი
მატარებლის გზა: 41წთ
მოგზაურობა ამსტერდამსა და როტერდამს შორის სულ რაღაც 40 წუთშია შესაძლებელი. იხილეთ ავანგარდის არქიტექტურა და ხელოვნების ნიმუშები ორ განსხვავებულ ჰოლანდიურ ქალაქში. დაიწყეთ ამსტერდამით, სადაც ხელოვნების მოყვარულები ვან გოგის, სტედელიკის (Stedelijk) და რიჯკსის (Rijksmuseum) მუზეუმებში უნდა გაემართონ. ეწვიეთ ანა ფრანკის სახლს, ისეირნეთ მდინარის სანაპიროზე და მიირთვით გემრიელი ვაფლები. შემდეგ, გადაინაცვლეთ როტერდამში, რომელიც ფუტურისტული ნაგებობებით, კუბიზმის სტილის სახლებით და ერასმუსის ხიდით გამოირჩევა. ხელოვნება აქაც დაგხვდებათ: ბოიჯმან ვან ბეუნინგენის (Boijmans Van Beuningen) მუზეუმში. აქ გემრიელი და მრავალფეროვანი ქუჩის კვება დაგანაყრებთ.
ციურიხი და ბაზელი
მატარებლის გზა: 54 წთ
შოკოლადის მოყვარულებს ტკბილი შვეიცარიული გემრიელობების დაგემოვნება ნამდვილად გაახარებთ. განსაკუთრებით ციურიხის ინტერაქციული მუზეუმი: Lindt’s Home of Chocolate მოგხიბლავთ. ძველი ქალაქის დათვალიერების შემდეგ, მიირთვით ცხელი შოკოლადი და გაისეირნეთ ქალაქში მდებარე ტბის სანაპიროზე. ამის შემდეგ გაყევით მატარებელს ბაზელამდე და ადით მანსტერის კოშკზე. არ გამოგრჩეთ ბეილერის ფონდის შენობა, რომელიც რენზო პიანომ თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებით გააფორმა.
ბრატისლავა და ვენა
მატარებლის გზა: 1სთ
სლოვაკეთისა და ავსტრიის დედაქალაქები მდინარე დანუბეზე არიან გაშენებულნი. დაიწყეთ პატარა ბრატისლავათი, დააგემოვნეთ ადგილობრივი წარმოების ლუდი, მოინახულეთ მისი ციხესიმაგრე, ბაროკოს ბაღები და 1 საათის გზაზე ვენის ყავის კულტურაში გადაინაცვლეთ. აქ კიდევ უფრო დიდი ბაროკოს შენობები და სასახლეები დაგხვდებათ. საუკეთესო მათგანია ჰოფბურგის საიმპერატორო სასახლე.
სან სებასტიანი და ბიარიცი
მატარებლის გზა: 1სთ და 10წთ
ამ ესპანურ და ფრანგულ ბასკურ ქალაქებში მგზავრობა ავტობუსით კიდევ უფრო სწრაფად შეგიძლიათ. მაგრამ, მატარებლის გზაზე (გადაჯდომით) ბევრად ლამაზი ხედები შეგხვდებათ. სან სებასტიანში კულინარიული სიამოვნების მიღების შემდეგ, ბიარიცს სარელაქსაციოდ მიმართავთ. სან სებასტიანში აუცილებლად გასინჯეთ ტაპასის ბასკური ვერსია: pintxos. ბიარიცში კი სპორტით და თერაპიით დაკავდებით.
რომი და ფლორენცია
მატარებლის დრო: 1 სთ და 22 წთ
მიიღეთ იტალიური კულტურის ორმაგი დოზა რომის ისტორიითა და ფლორენციის ხელოვნებით. იტალიის დედაქალაქში აუცილებლად უნდა მოინახულოთ კოლიზეუმი და რომაული ფორუმი. ფლორენციაში კი ადით დუომოზე 360 გრადუსიანი ხედისთვის, დაათვალიერეთ უფიცის გალერეა, ბობოლის ბაღები და მიირთვით იტალიური სამზარეულოს გემრიელი კერძები.
ბერლინი და ჰამბურგი
მატარებლის დრო: 1 სთ და 45 წთ
გერმანიის ეს ორივე დიდი ქალაქი ბრწყინვალე წარსულით გამოირჩევა. ისტორიულად უმნიშვნელოვანესია ბერლინის რაიხსტაგის პარლამენტის შენობა მისი შუშის ჭერით, რომელზე ასვლაც შესაძლებელია. მოინახულეთ ბერლინის ომის მემორიალი და ბრანდებურგის კარიბჭე. არ გამოგრჩეთ მუზეუმ აილენდიც. ღამის ცხოვრების მოყვარულებს, საუკეთესო კლუბებიც გიმასპინძლებთ. შემდეგ გადაინაცვლეთ საპორტო ქალაქ ჰამბურგში, რომელიც ჩრდილოეთის ზღვას მდინარე ელბათი უკავშირდება. აქ უამრავი წყლის არხი, ულამაზესი ცენტრალური ბულვარი და ახალი და ძველი უბნების საოცარი შერწყმაა.
მადრიდი და ვალენსია
მატარებლის დრო: 1სთ და 49წთ
ამ ორი ქალაქის მონახულებით ერთდროულად მოხვდებით დიდ ენერგიულ მეგაპოლისსა და სანაპირო ქალაქში. ესპანეთის დედაქალაქში იხილავთ მაიორის პლაზას, ბაროკოს სამეფო სასახლეს და რეტიროს პარკს. როცა მოგშივდებათ მიაკიტხეთ მერკადო დე სან მიგელის ბაზარს. რეინა სოფიაში დაგატყვევებთ პიკასოს გერნიკა. ამის შემდეგ კი გადადით მატარებლით ვალენსიაში და იხილეთ გოიას ნამუშევრები და რენესანსის ფრესკები.
ბრიუსელი და კელნი
მატარებლის დრო: 1სთ და 50 წთ
ლუდის მოყვარულებმა აუცილებლად უნდა დააგემოვნონ ის ბელგიის დედაქალაქში და გერმანიის ამ გამორჩეულ ქალაქში, სადაც ადგილობრივი წარმოების განსაკუთრებულ ლუდს ამზადებენ. დაიწყეთ ბრიუსელის დიდი სასახლით, გოთიკური მერიის შენობით, სახვითი ხელოვნების და მაგრიტის მუზეუმებით და შემდეგ წაიხემსეთ. კელნში კი ლუდის გარდა სამი რამაა აუცილებელი: კათედრალი, ოდეკოლონი და შოკოლადი. დაათვალიერეთ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გოთიკური კათედრალი, გაიგეთ ოდეკოლონის ისტორიის შესახებ ფარინას მუზეუმში და დააგემოვნეთ ტკბილეული შოკოლადის მუზეუმში.
პარიზი და ლიონი
მატარებლის დრო: 1 სთ და 50 წთ
“ჩვენ ყოველთვის გვექნება პარიზი” მაგრამ რატომ არ უნდა მოინახულოთ მასთან ერთად მომხიბვლელი ლიონი? ჯერ დაათვალიერეთ პიკასოს, სარტრის და ჰემინგუეის საყვარელი საფრანგეთის დედაქალაქი ეიფელის კოშკით, მონმარტრით და ნოტრ-დამით. შემდეგ კი ფრანგულ გასტრონომიულ დედაქალაქში, ლიონში გადაინაცვლეთ. აქ აუცილებლად ეწვიეთ ბაზრობას და ფუნიკულიორს, რომელიც ძველი ქალაქიდან ლიონის ნოტრ-დამთან ადის.
ლუბლიანა და ზაგრები
მატარებლის დრო: 2სთ
მართალია ეს ორი ქალაქი არც ისე ახლოსაა, როგორც სხვები, მაგრამ ამ ორი დედაქალაქის გაერთიანება ერთ მოგზაურობაში ნამდვილად საინტერესო გამოცდილება იქნება. ამასთან, ლუბლიანაც და ზაგრებიც ადვილია ფეხით მოსავლელად. სლოვენიის დედაქალაქში იხილავთ ძველ ქალაქს, ტრიპლის ხიდს და მთაზე მდებარე ციხესიმაგრეს. აუცილებლად გასინჯეთ აქაური დამპლინგები. შემდეგ გადადით ზაგრებში სადაც მოგხიბლავთ “გატეხილი ურთიერთობების მუზეუმი”, წმ. მარკის ტაძარი და დოლაჩის ბაზრობა.