საუკეთესო სამოგზაურო აპლიკაციები
საუკეთესო სამოგზაურო აპლიკაციები მთელ მსოფლიოს თქვენს ხელებში მოაქცევენ. თუ ბიუჯეტურად მგზავრობთ, ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებით გამოგადგებათ. ჩვენ უახლეს რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ:
TripIt
სამოგზაურო მარშრუტების დასაგეგმად, ეს აპლიკაცია თქვენი ასისტენტის როლს შეითავსებს და ყველა საჭირო ინფორმაციას ერთ ადგილას მოუყრის თავს. ყველა ჯავშანი, ფოტო, პდფ, QR კოდი და სხვა სამოგზაურო დოკუმენტაცია აპლიკაციაში ინტერნეტის გარეშეც გამოჩნდება.
FlightAware
ეს აპლიკაცია რეისების ინფორმაციებს ანახლებს და მუდამ საქმის კურსში გამყოფებთ თქვენი ფრენის შესახებ. თუ კონკრეტული რეისი დაიგვიანებს ან პირიქით დროულად მოვა, სწორედ აქედან გაიგებთ. ის ნებისმიერი შეფერხების ან ავიაკომპანიების განცხადების შესახებ გაცნობებთ.
Hotel Tonight
თუ სასტუმროს დაჯავშნა სასწრაფოდ დაგჭირდათ, ეს აპლიკაცია დაგეხმარებათ. ის გთავაზობთ ბიუჯეტურ ვარიანტებს ან ფასდაკლებებს, მათ შორის პრესტიჟულ სასტუმროებშიც. ფასდაკლებები მოქმედებს მხოლოდ იმავე დღეს დაჯავშნის შემთხვევაში.
Airbnb
თუ სასტუმროს ბინებს ამჯობინებთ, Airbnb-ს უნდა მიმართოთ. მას არამხოლოდ საიტი, არამედ აპლიკაციაც ძალიან მოხერხებული აქვს და სასურველ სახლს აუცილებლად შეარჩევთ. აქვე შეგიძლიათ დაჯავშნოთ საჭმლის ტურები, ღვინის დეგუსტაციები და აშ.
AllTrails
თუ Apple Maps და Google Maps ქუჩებს გვაჩვენებს, ეს აპლიკაცია სალაშქრო გზების, საველოსიპედო და სარბენი ბილიკების მაჩვენებელი რუკაა. ის ბუნების მოყვარულებს ძალიან გამოადგებათ. შეგიძლიათ იპოვნოთ ბუნებაში სასეირნო ბილიკი თქვენ სიახლოვეს და გაეცნოთ დეტალებს.
Uber
რეკომენდირებულია, რომ უცხო ქვეყანაში ყოფნის დროს ტაქსი გამოიძახოთ, ქუჩაში გაჩერების ნაცვლად. უბერი ბევრად ბიუჯეტურია, ვიდრე ადგილობრივი ტაქსები და უფრო დაცულიც.
Turo
თუ გსურთ, რომ მანქანა ადგილობრივებისგან იქირაოთ და თავად ატაროთ, ეს აპლიკაცია დაგეხმარებათ. მისი საშუალებით მანქანას ბევრად ბიუჯეტურად იქირავებთ, ვიდრე კერძო კომპანიებისგან, რადგანაც კონრკეტულ ქალაქში მაცხოვრებლები ბევრად იაფად აქირავებენ საკუთარ მანქანას.
XE Currency Converter
ხშირად მოგზაურობისას თან ქეში მიგვაქვს, რომლის გადახურდავებაც სულ აქტუალური საკითხია. ეს აპლიკაცია ყველა ფულადი ერთეულის კურსს გაჩვენებთ და იმასაც გირჩევთ რაზე გეყოფათ კონკრეტული რაოდენობა, რამდენია საჭირო კვებაზე, სუვენირებზე, ჭამაზე… მისი საშუალებით ყოველთვის მარტივად გაიგებთ რამდენია 1 ევრო ან 1 დოლარი ადგილობრივი ფულით.
Google Translate
გუგლის სათარგმნი პლატფორმა აპლიკაციის სახითაც არსებობს და ის სწრაფად გადაგითარგმნით საკომუნიკაციო წინადადებებს და პოსტერებს თუ ამავე აპლიკაციის კამერის ფუნქციით ნებისმიერ ფოტოს და ბანერს დაანახებთ. მუშაობს ინტერნეტის გარეშეც.
LoungeBuddy
ეს აპლიკაცია შორი ან ხშირი ფრენების დროს ძალიან გამოსადეგარია. აქ ჩატვირთულია მსოფლიოს 2000-ზე მეტი აეროპორტის ლაუნჯ სივრცის შესახებ ინფორმაცია. თუ გსურთ ფრენებს შორის ლაუნჯის გამოყენება, თქვენი ბილეთის მიხედვით, აპლიკაცია ყველანაირ დეტალს გაგაცნობთ.
PackPoint
ეს კი მათთვის, ვინც ვერასდროს წყვეტს როგორ და რა ჩაალაგოს წასაღებ ბარგში! აპლიკაცია იმ ნივთების სიას შემოგიწერთ რომელიც დაგჭირდებათ. ამას კი თქვენგან მიწოდებული ინფორმაციით გამოთვლის: სად მიდიხართ, როდის მიემგზავრებით, რამდენი ხნით რჩებით და რა გაქვთ დაგეგმილი. ის შეამოწმებს ამინდებს და გაგახსენებთ ყველაფერს რაც შესაძლოა ვერ გაითვალისწინოთ.