რჩევები

10 ხრიკი თუ ევროპაში მოგზაურობას პირველად აპირებთ

ევროპაში პირველი მოგზაურობის დროს ბევრი ადამიანი უშვებს შეცდომებს. ეს ძირითადად არასწორი ტრანსპორტის არჩევას, დიდი ბარგის წაღებას, ცოტა თავისუფალი დროის დატოვებას და ძვირადღირებულ რესტორნებში შესვლას გულისხმობს.

  • გაწერეთ რეალისტური გრაფიკი

როცა რაიმე ადგილს პირველად სტუმრობთ, ბუნებრივია რომ მაქსიმალურად მეტი ღირსშესანიშნაობის ხილვა გინდათ. ამან შესაძლოა თქვენი მოგზაურობა დაძაბული და დამღლელი გახადოს. იმის მაგივრად, რომ ყველაფერს მოედოთ, აირჩიეთ რამდენიმე მიმართულება და დაიტოვეთ თავისუფალი დრო ამ ადგილების საფუძვლიანი დათვალიერებისათვის. ნუ ირბენთ ერთი ადგილიდან მეორეში, იმოქმედეთ ნელა.

  • ნუ წაიღებთ დიდ ბარგს

ევროპაში მრავალი მაღაზიაა და ბევრი რამის წაღება საჭირო არაა. დიდი ბარგი სატარებლადაც არაკომფორტული იქნება. ასევე, სჯობს ახალი ნივთებისთვის ადგილი დატოვოთ.

  • სასტუმროები

ზოგიერთი სასტუმროს ნომრები ძველებურ გასაღებებზეა. არაა საჭირო ის მუდამ თან ატაროთ. დატოვეთ შემოსასვლელში, სარეგისტრაციო მაგიდაზე მყოფ ოპერატორთან და გამოართვით როცა უკან დაბრუნდებით. არ შეგეშინდეთ თუ ჩექინის დროს, სასტუმროს პერსონალი პასპორტს მოგთხოვთ. ეს ევროპაში გავრცელებული პრაქტიკაა და სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნებს პასუხობს.

  • იყიდეთ ბილეთები წინასწარ

თუ პოპულარული ღირსშესანიშნაობების მონახულებას აპირებთ, ბილეთები წინასწარ დაჯავშნეთ. დატვირთულ პერიოდებში ადგილზე შეიძლება ყველა გაყიდული დაგხვდეთ. ამ გზით, დიდ რიგში დგომასაც აირიდებთ თავიდან.

  • ჩაიცვით კომფორტული ფეხსაცმელი

საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება თუ ჩაიცმევთ ფეხსაცმელს, რომელიც უკვე შეილახა და გადაგდებამდე ევროპაში სასიარულოდ გამოიყენებთ. მოგზაურობის დროს, როგორც წესი, ბევრ კილომეტრს გავდივართ. ამასთან, ხშირად ქვაფენილიანი გზებით. ნუ ჩაიცმევთ ახალ ფეხსაცმელს, რათა ფეხის ტკივილის გამო დისკომფორტი არ შეგექმნათ.

  • შეჩერდით და დატკბით ხედით

ქალაქზე საუკეთესო მოგონებას შეიქმნით იმით, რომ კაფის ტერასიდან მის ქუჩებს დააკვირდებით, რომელიმე პარკში დასხდებით ან ხედით მშვიდი გადმოსახედიდან დატკბებით.

  • იმოგზაურეთ სამუშაო დღეებში

როგორც წესი, თვითმფრინავის ბილეთები კვირის სამუშაო დღეებში იმაზე იაფია, ვიდრე უიქენდებზე: პარასკევს, შაბათს თუ კვირას. ასევე, კვირის დღეებში ღირსშესანიშნაობებიც უფრო იაფი და ნაკლებად დატვირთულია.

  • ქალაქგარეთ იმგზავრეთ მატარებლით 

ევროპაში მატარებლით მგზავრობა ყველაზე იაფი საშუალებაა მის მოსავლელად. თუ Eurail train pass-ს შეიძენთ, თანხას კარგად დაზოგავთ. Europe Select Pass-ის არჩევისას რამდენიმე დღის მანძილზე შერჩეულ ქვეყნებში ერთ დადგენილ ფასად იმგზავრებთ. თუ 26 წლამდე ხართ, Youth Pass შეიძინეთ.

  • ქალაქში ისარგებლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით 

ევროპაში მოგზაურობა იაფია მეტროს, ავტობუსების და ზოგგან ტრავმაის ხელმისაწვდომობის გამო. თუ კონკრეტულ ქალაქში ერთი კვირის გატარებას აპირებთ, შესაბამისი მრავალჯერადი ბილეთი შეიძინეთ, რათა კონკრეტულ დღებში ულიმიტოდ იმგზავროთ.

  • რესტორნები

თუ ბიუჯეტურად მგზავრობთ, დაზოგეთ ფული რესტორნებში მაგიდის აღებაზე უარის თქმით და დაიცადეთ ფეხზე დასადგომ სივრცეში. მაგალითად, იტალიაში, რესტორნები დასასხდომ და დასადგომ შეკვეთებზე სხვადასხვა ფასს გთავაზობენ. თუ შეკვეთის მიცემის შემდეგ, დასხდებით და ისე დაელოდებით, შესაძლოა ორმაგი თანხა გამოგართვან, ფეხზე დგომის ან ქუჩაში მირთმევის შემთხვევაში კი ფასი განახევრდება.

დააგროვეთ ფული ნელ-ნელა და დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა წინასწარ. ევროპაში დაუვიწყარი მოგონებების შეძენას ნებისმიერი ბიუჯეტით მოახერხებთ. იხილეთ ბლოგები იმის შესახებ თუ რა უნდა ნახოთ, სად გაერთოთ და რა მიირთვათ ევროპის სხვადასხვა ქალაქში.