რჩევები

რას ნიშნავს თვითმფრინავის რეჟიმი ტელეფონში და რა მოხდება თუ არ გამოიყენებთ მას?

Airplane Mode აუცილებელი რამაა თუ უბრალოდ საავიაციო მითი? ჩვენ შევეცდებით ამაში გაგარკვიოთ და მოგითხროთ თუ რატომ უნდა გამოიყენოთ ის ფრენის დროს.

თუ თვითმფრინავით ერთხელ მაინც გიმგზავრიათ, გეცოდინებათ, რომ მას შემდეგ, რაც თვითმფრინავის კარები იკეტება, ბორტგამცილებლები მოგიწოდებენ ტელეფონები თვითმფრინავის რეჟიმზე გადაიყვანოთ. ტელეფონის ინტერნეტთან და ქსელურ კავშირთან განშორება შესაძლოა რთული იყოს, თუმცა თუ წინ რამდენიმე საათიანი ფრენა გელით, ამის გაკეთება აუცილებელია.

რა არის თვითმფრინავის რეჟიმი, ე.წ. Airplane Mode?

ეს არის სმარტფონის ფუნქცია, დროებით გამოეთიშოს ყოველგვარ გარედან მიღებულ სიგნალს, თუმცა ტელეფონი სხვა მხრივ მაინც ფუნქციური რჩება. მას შემდეგ, რაც ანდროიდსა თუ აიოსზე თვითმფრინავის ნიშანს გააქტიურებთ, თქვენ თვითმფრინავის რეჟიმზე გადახვალთ და შეძლებთ ისარგებლოთ მხოლოდ გადმოწერილი კონტენტით – იქნება ეს დოკუმენტები, ფოტო, ვიდეო, წიგნი, ფილმი თუ ოფლაინ თამაშები.

რატომაა საჭირო თვითმფრინავის რეჟიმი?

Airplane Mode საჭიროა, რათა საავიაციო სისტემებში ნებისმიერი ტიპის ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოიფხვრას. ეს თვითმფრინავის საკომუნიკაციო და სანავიგაციო სისტემებს ეხებათ, რომლებიც რადიო სიხშირეებს უკავშირდებიან. იგივე სიხშირეებს იყენებენ სმარტფონები და ტაბლეტები. იმ შემთხვევაში, თუ პილოტებს პრობლემა ექმნებათ, ან რთულ პირობებში უწევთ დაფრენა, მათი საკომუნიკაციო ხაზები მკაფიოდ გასაგები და ხმამაღალი უნდა იყოს, ყოველგვარი შიშინა ბგერების გარეშე, რასაც ჩართულმა ტელეფონებმა შესაძლოა ხელი შეუშალონ.

თვითმფრინავის Wi-Fi – ზოგიერთი ავიახაზები მგზავრებს შიდა ვაიფაის სთავაზობს, რომელიც ფასიანი სერვისია. თუ ინტერნეტთან წვდომა თქვენთვის აუცილებელია, გამოიყენეთ ის და ნუ შეაფერხებთ საავიაციო კომუნიკაციას. ვაიფაი სატელიტურ სიგნალებს უკავშირდება და არა რადიო სიხშირეებს, ამიტომაც ის ოდნავ ნელი იქნება, თუმცა თავის საქმეს შეასრულებს.

რა მოხდება თუ ტელეფონს თვითმფრინავის რეჟიმზე არ გადაიყვანთ?

თუ წესების წინააღმდეგ წახვალთ, კატასტროფის შანსი მინიმალური იქნება, თუმცა 1 %-იც არ ღირს გარისკვად. იმ შემთხვევაში თუ უაიმინდობის გამო, თვითმფრინავის დაფრენას ნისლი, წვიმა ან ქარი უშლის ხელს, შესაძლოა ტელეფონის 5G სიგნალმა ეკიპაჟის აეროპორტთან კავშირი პრობლემატური გახადოს. ერთი ან რამდენიმე ადამიანის უპასუხისმგებლობა უარყონ ფრენის დროს დადგენილი წესები, წარმატებული ფრენის შესრულებას უშლის ხელს. უსაფრთხო ფრენა კი ყველასთვის პრიორიტეტად უნდა იქცეს.

Ariplane Mode და ტელეფონის ბატარეა

თუ ტელეფონს თვითმფრინავის რეჟიმზე არ გადაიყვანთ, შესაძლოა ის ძალიან მალე დაჯდეს. ხოლო, Airplane Mode-ის დაყენებით თქვენ დატენილი ბატარეის შენარჩუნებას შეძლებთ, რაც დაფრენის დროს განსაკუთრებით დაგეხმარებათ.

NASA-ს კვლევების მიხედვით, ელექტრონული მოწყობილობები საჰაერო ტრანსპორტს დიდ საფრთხეს უქმნიან და შესაძლოა ერთმა გაჯეტმაც კი დიდი ზიანი მოუტანოს თვითმფრინავს. წარმოიდგინეთ თუ რამდენად საშიშია თუ ბორტზე მსხდომი რამდენიმე ადამიანი ერთდროულად გამოიყენებს ტელეფონს ქსელური ინტერნეტით სარგებლობის და ზარების თუ ტექსტური შეტყობინებების განხორციელებისათვის.

ფრენამდე თქვენი სმარტფონი მოამზადეთ წინასწარ: გადმოწერეთ ყველაფერი რაც გაინტერესებთ: საყვარელი სერიალი, სტატია, პოდკასტი თუ თამაში, რათა შეავსოთ ინტერნეტის კავშირთან მოწყვეტილი დრო.