პოსტ-მოგზაურობის დეპრესია: როგორ გავუმკლავდეთ მას
რატომაა რთული მოგზაურობის შემდეგ სახლში დაბრუნება? არ აქვს მნიშვნელობა დაუვიწყარ მოგზაურობაში იყავით თუ ორი დღით გაიქეცით ქალაქიდან – სანამ ჩანთას ამოალაგებთ, სხვა ტიპის ბარგთანაც გიწევთ მუშაობა – ესაა სევდიანი განცდის დაუფლება მას შემდეგ, რაც სახლის კარს შეაღებთ.
პოსტ-მოგზაურობის დეპრესია რეალურია. მაგრამ, თუ ყურადღებას გაამახვილებთ იმაზე, თუ რა იწვევს მას, შეძლებთ თავი ადვილად დააღწიოთ.
რატომ გვემართება დეპრესია მოგზაურობის შემდეგ? დასვენება ხომ სასარგებლოა მენტალური ჯანმრთელობისთვის?
ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ მოგზაურობა სტრესს ამცირებს და კარგად ყოფნას უწყობს ხელს, თუმცა კვლევის შედეგების შეჯამებაც ერთსა და იმავეს მიუთითებს: ბედნიერება, რომელსაც მოგზაურობის დროს განიცდით, მოგზაურობის დასრულებისთანავე მთავრდება და ხანგრძლივად არ გრძელდება. ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში ადამიანები ამ ბედნიერების განცდას ისევ კარგავენ.
ბუნებრივია, რომ დასვენების დასრულების მოახლოებას უარყოფითად განიცდიდეთ და ამაზე ორგანიზმს განსაკუთრებული რეაქცია ჰქონდეს.
პოსტ-მოგზაურობის დეპრესიის დამახასიათებელი სიმპტომებია:
- სტრესი
- შფოთვა
- მოწყენილობა
- გაღიზიანება
- მოტივაციის ნაკლებობა
- უძილობა
- უიმედობა
თუ ბედნიერება გვტოვებს მაშინვე, როგორც კი ჩვეულ ცხოვრების რიტმს განვაგრძობთ, მოგზაურობა დროის და ფულის კარგვა არ არის? მკვლევარები ამბობენ რომ არა. მთავარია, ვისწავლოთ მისგან გამოწვეული მდგომარეობის მართვა.
როგორ ავიცილოთ თავიდან პოსტ-მოგზაურობის დეპრესია?
იმოქმედეთ მოგზაურობის დასაწყისშივე!
დაალაგეთ სახლი წასვლამდე
სანამ სახლს დატოვებთ, მოაწესრიგეთ არეულობა. მართალია, სამოგზაუროდ წასვლა გეჩქარებათ და ფიქრობთ, რომ ყველაფერს ჩამოსვლის შემდეგ მიხედავთ, მაგრამ არეულ სახლში დაბრუნება უფრო მეტად გაგიმძაფრებთ სტრესის განცდას, ვიდრე დალაგებულში. ასე, რომ, გამოცვალეთ თეთრეული, გარეცხეთ პირსახოცები, შეალაგეთ დარჩენილი ტანსაცმელი კარადაში და სახლში დაბრუნების სევდას ბევრად უფრო შეიმსუბუქებთ.
დაიტოვეთ 1 დღე ჩამოსვლის შემდეგ
მოგზაურობა დაგეგმეთ ისე, რომ სამსახურში გასვლა მეორე დღესვე არ გიწევდეთ. დაიტოვეთ 1 დღე ამოლაგებისთვის, პროდუქტების შეძენისთვის, სარეცხის მოსაწესრიგებლად და სხვა დაუგეგმავი საქმეებისთვის.
აწარმოეთ სამოგზაურო დღიური
მოგონებები დროსთან ერთად ფერმკრთალდება. თუ მოგზაურობის დროს, ყოველდღე გააკეთებთ მცირე ჩანაწერებს თქვენს თავგადასავლებზე ან უბრალოდ ემოციებზე, ეს ჩანაწერები წლების მანძილზე დაგრჩებათ. დაწერეთ რას ფიქრობდით იმ მომენტში, რამ იმოქმედა თქვენს გრძნობებზე და რამ გაგაოცათ.
კალენდარში ჩაინიშნეთ რამე სახალისო
სანამ სამოგზაუროდ წახვალთ, დაგეგმეთ რაიმე თქვენი დაბრუნების პერიოდისთვის. მაგალითად, იყიდეთ კინოს ბილეთები, დაჯავშნეთ რაიმე აქტივობა მეგობრებთან ერთად ან უბრალოდ მაგიდა რომელიმე ლამაზ ადგილას. ეს დაეხმარება ტვინს იმის გააზრებაში, რომ მხიარულება გრძელდება. დააკავეთ თავი სასიამოვნო საქმეებით თქვენს ქალაქში.
დიდი დრო გამოყავით უბრალოდ დასვენებაზე
კვლევების მიხედვით, ისინი, ვინც არდადეგებზე მაქსიმალურ რელაქსაციას მიმართავდა, მოგზაურობის შემდეგ უფრო დიდხანს იყო ბედნიერი, ვიდრე ისინი, ვინც აქტიურად ისვენებდა. ამიტომაც, ყოველ წუთას რაიმე აქტივობის დაგეგმვას, თქვენი კარგად ყოფნისთვის სჯობს, რომ უბრალოდ დაისვენოთ და გეგმებით არ გადაიტვირთოთ.
დაგეგმეთ მომავალი მოგზაურობა
არ აქვს მნიშვნელობა როდის გეგმავთ შემდეგ დასვენებას. შექმენით პინტერესტზე გვერდი სადაც სასურველი ადგილების ფოტოებს მოუყრით თავს. თუ მომავალი მოგზაურობის იდეები მოგივათ, გექნებათ მიზანი მის ასრულებამდე, რაც ერთგვარ აღტაცებას მოგანიჭებთ. დაათვალიერეთ ინფორმაციები სხვადასხვა ტურებზე.
ამოაპრინტერეთ ფოტოები
კარგი იქნება თუ თქვენს მოგონებას ფიზიკურად ხელშესახებს გახდით. ამოაპრინტერეთ რამდენიმე ფოტო თქვენი მოგზაურობიდან და გააკეთეთ ალბომი ან მიამაგრეთ ისინი მაცივარზე. ეს გაგრძნობინებთ, რომ თქვენ დაბრუნდით და სასიამოვნო მოგონებებიც შეაგროვეთ.