რჩევები

10 შეცდომა, რომელიც მოგზაურობის დროს არ უნდა დაუშვათ

მოგზაური ბლოგერები მუდამ საუბრობენ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ მოგზაურობის დროს. მაგრამ, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ რა არ უნდა გავაკეთოთ გზაზე!

მოგზაურობის დროს დაშვებულ შეცდომებს მივყავართ უფრო მეტი ფინანსების ხარჯვასთან, დროის დაკარგვასთან და ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებთან.

თუ თქვენ ქვემოთ ჩამოთვლილ შეცდომებს თავიდან აიცილებთ, უფრო ჭკვიანურად და იაფად იმგზავრებთ.

1. არ მიირთვათ ტურისტულ ადგილებთან ახლოს

პოპულარულ ღირსშესანიშნაობებთან ყველაფრის ფასი ორმაგია, გემო და ხარისხი კი იმის ნახევარი, ვიდრე სხვა ადგილებში. როდესაც რესტორნებმა იციან, რომ ადამიანები მათთან ერთჯერადად შემოდიან, ხარისხის შენარჩუნებაზე არ ზრუნავენ.

და რა იციან ტურისტებმა ადგილობრივი საკვების ხარისხზე? ისინი ხომ ახლახანს ჩამოვიდნენ! ისინი ბედნიერად გაიხსენებენ პიცას კოლიზეუმის წინ, ისე, რომ შესაძლოა ნამდვილი იტალიური პიცის გემო ვერც გაიგონ.

დაშორდით ტურისტულ ადგილებს და მოძებნეთ რესტორნები მათ მიღმა. ასე უფრო გემრიელად და იაფად მიირთმევთ. თუ შემთხვევით შერჩეულ კვების ობიექტს არ ენდობით, გამოიყენეთ საიტები: Yelp და openRice, აქ ადგილობრივების შეფასებებს იხილავთ ამა თუ იმ ობიექტზე. ასევე, შეგიძლიათ შეხვიდეთ Google Map-ში და მონიშნოთ: „საუკეთესო რესტორნები კონკრეტულ ქალაქში“.

2. არ გადაცვალოთ ფული აეროპორტში

თუ ამას გააკეთებთ, თანხას ყველაზე მაღალ პროცენტში დაახურდავებთ. ამიტომაც, სჯობს ეს იმ ქალაქში გააკეთოთ სადაც მიდიხართ. ვალუტის გადასაცვლელად ესტუმრეთ ბანკს აეროპორტის და ქალაქის ცენტრს მიღმა, იქ საუკეთესო პროცენტს შემოგთავაზებენ. თუმცა, ქეშს, უმჯობესია თუ საკრედიტო ბარათს გამოიყენებთ.

3. არ გამოიყენოთ ბარათი, რომელიც საკომისიოს ითხოვს

წაიღეთ ისეთი საკრედიტო ბარათი, რომელიც უცხოურ ტრანზაქციებზე ან ძალიან დაბალ საკომისიოს გაჭრით ან მას საერთოდ არ გთხოვთ. გახსოვდეთ, რომ ქვეყნის მიღმა ბანკომატის გამოყენების შემთხვევაში, როგორც წესი საკომისიოები მშობლიურ ქვეყანაზე ბევრად მეტია.

4. არ თქვათ უარი სამოგზაურო დაზღვევაზე

გახსოვდეთ, რომ გზაზე არაფრისგან ხართ დაზღვეული და ნებისმიერ რამ შეიძლება მოხდეს. იქნება ეს ფიზიკური პრობლემა, ნივთის დაკარგვა თუ ბუნებრივი კატასტროფები. სამოგზაურო დაზღვევა გიცავთ ყველა იმ დანახარჯისგან, რასაც თავიდან ვერ აიცილებდით. დაზღვევის გარეშე შესაძლოა ფინანსურ ზარალში გადავარდეთ.

5. ნუ უგულველყოფთ ჰოსტელებს

არსებობს სტერეოტიპი, რომ ჰოსტელი არაჰიგიენური, სპეციფიკური სუნის მქონე და გაურემონტებელია. მაგრამ, წლების წინ ჩამოყალიბებული ეს მცდარი შეხედულება სიმართლესთან ახლოს აღარაა. დღეს, ბევრი ჰოსტელი სასტუმროზე სუფთა და მოწესრიგებულია! ისინი გთავაზობენ სათამაშო მაგიდებს, კომპიუტერებს, კინოთეატრებს, ქიმწმენდას, უფასო ინტერნეტს, დღიურ ტურებს და კერძო ოთახებსაც კი. თანამედროვე ჰოსტელები ნამდვილად სანდოა და ამასთან იაფიც.

6. ნუ იტყვით უარს მასპინძლობის შემოსათავაზებელ აპლიკაციებზე

მასპინძლობის აპლიკაციები ტურისტებს საშუალებას აძლევთ ადგილობრივებთან უფასოდ დარჩნენ და და ადგილობრივ კულტურას გაეცნონ. შემოთავაზებები არ ეხებათ მხოლოდ სოლო მოგზაურებს. იქ შეგიძლიათ დარჩეთ წყვილები, ოჯახები, სტუდენტები და აშ. ბევრი ოჯახი აკეთებს ამას იმისთვის, რომ სხვა ქვეყანაში მცხოვრები ოჯახი გაიცნოს.

ამ შემოთავაზებით შეძლებთ სასტუმროს თანხის დაზოგვას და ამასთან, ახალ მეგობრებსაც შეიძენთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე მსგავს ქსელს: Couchsurfing, Servas, BeWelcome, Warm Showers.

rusted Housesitters – არის საიტი, რომელიც გაკავშირებთ ადამიანთან, ვინც უფასოდ გაცხოვრებთ იმ შემთხვევაში, თუ მათ შნაურ ცხოველს მოუვლით, სანამ ისინი სახლში არ არიან. Campspace – ზე კი იპოვნეთ კემპინგ სივრცეები.

7. არ ისარგებლოთ ტაქსით

ტაქსის სერვისის ღირებულება თითქმის ყოველთვის გადაჭარბებულია. საზღვარგარეთ ტაქსით მგზავრობა გონივრული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ თანხას სხვებთან გაიყოფთ ან გვიან ღამით სახლისგან ძალიან მოშორებით იქნებით. ისიც, მხოლოდ უბერს გირჩევთ. სხვა შემთხვევაში, მიმართეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

ევროპის ქვეყნებში ტრანსპორტი საკმაოდ გამართულად მუშაობს, ამიტომაც იარეთ მეტროთი, ავტობუსით ან ფეხით. ასევე, შეგიძლიათ გადმოწეროთ BlaBlaCar, რომელიც საშუალებას მოგცემთ ვინმეს დაემგზავროთ და იაფად გამოხვიდეთ. ასევე, არსებობს სერვისი Turo, რომელიც გულისხმობს მანქანის ქირაობას ადგილობრივი მაცხოვრებლისგან, რაც მანქანების გაქირავების კომპანიებზე ბევრად იაფი ჯდება.

8. ნუ დაჯავშნით მოგზაურობას ძალიან ადრე

არაა საჭირო ბილეთები და რეზერვაცია ნახევარი წლით ადრე მოაგვაროთ, იმისათვის, რომ ნაკლები დახარჯოთ. დაელოდეთ შემოთავაზებებს. ფრენის თარიღიდამდე დაახლოებით 3 თვით ადრე იწყებენ ავიაკომპანიები დაბალი ფასების შეთავაზებას და შემდეგ მოთხოვნის შესაბამისად მოქმედებენ.

კრუიზებისა და ჯგუფური ტურებისთვის კი შეგიძლიათ ბოლო წუთამდე დაიცადოთ. კომპანიებს სჭირდებათ რომ შეავსონ გემები და ტურები, ასე, რომ ბოლო წუთას გეგმის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებენ.

9. ნუ აუვლით გვერდს ადგილობრივ ტურისტულ ოფისს

უცნაურია, მაგრამ ტურისტულ, საინფორმაციო ცენტრებს ძალიან ცოტა ტურისტი სტუმრობს. მოგზაურობის დასაწყისში მათთან შევლა ნამდვილად გამოგადგებათ. ისინი გაგაცნობენ ინფორმაციას მიმდინარე ღონისძიებებსა და ფესტივალებზე, გირჩევენ ხელსაყრელ გზებსა და ტრანსპორტის შემოთავაზებებს, დაგეხმარებიან ჯავშნების გაკეთებაში, ასევე გადმოგცემენ გაიდბუქებს და რუკებს უფასოდ. მათი სამსახური თქვენი დახმარებაა, ასე რომ გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა.

ახალ ქალაქში ჩასვლისას აუცილებლად მიაკითხეთ ტურისტულ ოფისს და მიიღეთ სასურველი ინფორმაცია.

10. ნუ უგულველყოფთ სხვა კულტურას

„სადაც მიდიხარ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო“, ნათქვამია და მართლაც, სადაც არ უნდა ჩახვიდეთ, პატივი უნდა სცეთ ადგილობრივ კულტურას. ყურადღება მიაქციეთ ქვეყნის კულტურულ ნორმებსა და ტრადიციებს, ასევე, გაუფრთხილდით მათ ბუნებას. ასეთი ტერმინიც არსებობს: „ეთიკური მოგზაურობა“ და ნიშნავს ვიყოთ პასუხისმგებლიანები სხვა საზოგადოების მიმართ.

***

თუ ამ გავრცელებულ შეცდომებს თავიდან აიცილებთ, უკეთეს გამოცდილებას მიიღებთ და უკეთეს მოგზაურად ჩამოყალიბდებით.

იყავით უფრო საზრიანი, უფრო მარჯვე, უფრო ეკონომიური და ბევრად დასამახსოვრებელ არდადეგებს გაატარებთ.